წარმატებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები განათლების მინისტრმა გადასცა
"დღეს წავახალისეთ ისეთი ბავშვები, რომლებმაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ეს არის ერთგვარი მოტივაცია ბავშვებისთვის, რომ კარგად ისწავლონ და მომავალშიც კარგი შედეგები ჰქონდეთ"-განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ქუთაისში, სადაც წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება მოხდა.
ქუთაისის საჯარო სკოლების 134 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადაეცა. დაჯილდოებულთა შორის ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე–5 და მე–6 საჯარო სკოლისა და კადეტთა ლიცეუმის მოსწავლეებიც იყვნენ.
"ვცდილობდი, მაქსიმალურად წარმომეჩინა თავი და ეს ჯილდო არის ამ შრომის დაფასებაა. დღევანდელი დღე გვაძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ" -, განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში კადეტთა ლიცეუმის წარმატებულმა მოსწავლემ სოსო შორთოლიამ.
მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. პროგრამის ბენფიციარები საჯარო სკოლის ის მოსწავლეები არიან, რომლებმაც 2014–2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.
მინისტრის ინფორმაციით, წარჩინებულთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. იმერეთის რეგიონში გასულ წელთან შედარებით წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა 110–ით არის გაზრდილი.
წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე ესწრებოდნენ.
ავტორი: ხატია ბანძელაძე, ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















