გათავისუფლებული გამგის 600 000 ლარიანი ქველმოქმედება ქუთაისში
ქუთაისის ბაგა–ბაღებიდან გათავისუფლებული გამგეები ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ. #13 და #15 ბაღების გამგეების მაკა აბულაძისა და ნანა კაკურიას ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა დაიცავს. მათი განცხადებით, მიმდინარეობს სარჩელის მომზადება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავენ.
მაკა აბულაძის განცხადებით, გამგეების მისამართით წამოსული ბრალდება თითქოს ისინი "ნაციონალების" მიერ იმართებიან, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მისი ოჯახის წევრი "ნაციონალების" რეპრესიების მსხვრეპლი იყო, რაც ოჯახს 70 000 ლარი დაუჯდა.
"მე და ნანა კაკურია ერთად ვიბრძვით სიმართლისათვის. იმ ფაქტთან ერთად, რომ სამსახურიდან გამოგვყარეს, ორმაგად შეურაცხმყოფელია ჩვენთვის ბრალდება, თითქოს "ნაციონალებთან" გვაქვს კავშირი. ჩვენ ვემიჯნებით ყველა ქმედებას, რაც რომელიმე პარტიას უკავშირდება. 2011 წელს ბაღების გამგეებთან დაკავშირებით მომხდარ შემთხევას ჩემი ოჯახის წევრის ინტერესებიც ემსხვერპლა. დედაჩემი, რომელიც სამი წელი იყო ბაღის გამგე, ბრალდებულად გამოაცხდეს, დაკითხვებზე ატარეს და 70 000 ლარი დააკისრეს ჯარიმა. სახლი გავყიდეთ და ჩემი ოჯახი ქუჩაში დარჩა. ამის მერე რა პოლიტიკურ აქტივობაზეა საუბარი. ჩვენ ვიბრძვით უსამართლობის წინააღდეგ და არ გვინდა, რომ უსამართლობის მორიგი მსხვერპლი გავხდეთ",–აცხადებს მაკა აბულაძე.
მისივე თქმით, მისი პირადი კონტაქტებით შეძლო და ქუთაისში 600 000 ლარის ქველმოქმედება განხორციელდა.
"იმის გამო, რომ თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ერთი დღით გაიფიცნენ, ჩვენ სამსახურიდან გაგვათავისუფლეს. გაერთიანებამ და მერიამ არ გაითვალისწინა ის დამსახურება, რაც ქალაქის მიმართ ჩემს ოჯახს აქვს. ელექტორო საწოლები და ეტლები,რომლებსაც მერია მთელი წლის განმავლობაში არიგებდა, სწორედ იმ ორგანიზაციის გამოგზავნილია, რომლის ერთადერთი წარმომადგენელი მე ვარ საქართველოში. "გული საქართველოს", პრეზიდენტმა მამუკა თოდრიამ ქუთაისში 600 000 ლარის ქველმოქმდება განახორციელა. სრული ინვენტარიზაცია მოხდა #35 და #22 საჯარო სკოლების, ასევე 13 ბაგა–ბაღის და დამატებით ინვენტარი 12 ბაღში შევიდა. მეტიც, სექტემბრის თვეში გაერთიანების ხელმძღვანელს, ნანა ლორთქიფანიძეს ვუთხარი, რომ ორგანიზაცია კიდევ მოახდენდა 2 ბაღის ინვენტარიზაციას, თუ ამის მზაობა იქნებოდა. მან მიპასუხა, რომ იფიქრებდა და დღემდე არ მოუცია თანხმობა, მაშინ, როდესაც ქალაქს ასე უჭირს ბაღების ინვენტარიზაცია. ამ ყველაფრის მერე არც კი დაფიქრებულან, ისე გამომიშვეს სამსახურიდან. სამწუხაროა, რომ მე და დანარჩენს ამ უსამართლო ბრძოლაში გვიწევს თავის დაცვა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი",–აცხადებს მაკა აბულაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერთდღიანი გაფიცვის მონაწილე ბაღების გამგეები სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაც წინ მათთვის ხელფასების დაქვითვა უძღოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















