|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიზელა ჰაილი - "სიკეთის კეთებას ბევრი არაფერი სჭირდება"

ალბათ, ახლა, ყველაზე მეტად გვჭირდება ცოცხალი მაგალითები, რომელიც დაგვანახებს, რომ სიკეთის საკეთებლად მილიონების ქონა სულაც არაა საჭირო. უცხოელი ქალბატონი, რომელსაც ჩვენი არაფერი მართებს,  ყოველწლიურად ჩამოდის, ჩვენი ბავშვებიდან რამდენიმეს არჩევს და გერმანიაში სასწავლებლად მიყავს, რომლებიც იქაურ ოჯახებში ცხოვრობენ. ქალბატონმა გიზელამ უამრავი რისკი უნდა გათვალოს, ვის წაიყვანს აქედან, ისინი იქ როგორ მოიქცევიან,  პასუხისმგებელი ხდება ამ ბავშვებზე.

ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარეს ქალბატონ გიზელა ჰაილს "ნიუპრესი" ქართულ ენაზე ესაუბრა.

-როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა?

-თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის იყო მეგობრობა, ეს იყო სენსაცია კომუნისტების დროს, როგორც ჩანს, იქ, მოსკოვში იფიქრეს, რომ ეს არც თუ ისე საშიში იქნებოდა და ევროპისკენ ერთი კარი გახსნეს. იყო ძალიან დიდი გაცვლითი კულტურული პროგრამები. ჩვეთან გასტროლებზე ჩამოდიოდნენ ყველაზე დიდი თეატრები, მათ შორის რუსთაველის თეატრი, ყველაზე ცნობილი ანსამბლები... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ურთიერთობები მაინც გაგრძელდა, არა კულტურული, არამედ საქველმოქმედო კუთხით. მე გავხდი ქართულ-გერმანული საზოგადოების წევრი.  ზაარლანდში იყო ფესტივალი,  იქ ჩამოვიდნენ ქუთაისის ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელი ნანა მეგრელიშვილი და ქუთაისის ანსამბლი "ბაგრატი".  გაცვლითი პროგრამა,  რომელიც ითვალისწინებს სამი თვის მანძილზე IX-XI კლასის მოსწავლეების სწავლასა და ცხოვრებას გერმანიაში, უკვე არსებობდა. პროგრამა 2001 წელს დაიწყო უჩემოდ. მას შემდეგ 18 წელია, ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში.  ვატარებთ კონკურსს გერმანულ ენაში, ვარჩევთ 5 საუკეთესო მოსწავლეს.  2001 წლიდან  ამ პროგრამით გერმანიაში ცხოვრებისა და სწავლის შესაძლებლობა 100-ზე მეტ ქართველ მოსწავლეს მიეცა.

-რამდენად რთულია ოჯახების შერჩევა, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ მიიღონ ქართველები?

-ჩვენ ვარჩევთ ამ ოჯახებს, ზოგჯერ თვითონ გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ აქვთ სურვილი მიიღონ ქართველები.

-რაც  შეეხება მოსწავლეებს, მათი შერჩევა როგორ ხდება, რამდენად კარგად არიან მომზადებული?

-წინა წლებში მიჭირდა უარის თქმა, იმდენად ბევრი მსურველი იყო და ისე კარგად იყვნენ მომზადებულები, ბოლო წლებში ინგლისური ენის ბუმმა გარკვეულწილად დაჩაგრა სხვა ენები.  თუ ადრე მრავლად იყვნენ ისინი, ვინც ენა საუკეთესოდ იცოდა, ბოლო წლებში მეოთხე და მეხუთე კანდიდატის შერჩევა უკვე გვიჭირს. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მეორე გასაუბრება ინიშნება. ქართულ-გერმანულ ცენტრშიც ასწავლიან ენას და ამ მხრივ გაუმჯობესდა მდგომარეობა. ამ მოსწავლეებიდან ბევრი აპირებს შემდეგ გერმანიაში მიიღოს უმაღლესი განათლება.

-ანუ, ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა ამ ცენტრმა?

-დიახ, ერთმა მითხრა, იქ დაიწყო ჩემი კარიერაო. კარგი ბიჭები და გოგონები იყვნენ ჩვენთან, უმეტესობა წარმატებული ადამიანი გახდა.

-თუ აგრძელებენ ურთიერთობას თქვენთან?

-როდესაც ქუთაისში ვრჩები, მხვდებიან, მეპატიჟებიან თავიანთ ოჯახებში.  მე მიხარია მათთან ურთიერთობა.

-თუ ყოფილა შემთხვევა, თქვენს მიერ წაყვანილ ახალგაზრდებს უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინოთ?

-იყო ასეთი შემთხვევებიც. ამ 18 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოხდა ასეთი რამ, როდესაც ერთმა მოიპარა მაღაზიაში. პოლიციამ მიიყვანა მასპინძლებთან, მასპინძელმა დამირეკა, ეს რა თქმა უნდა, არ იყო კარგი. მეორე შემთხვევაში უკვე რამდენიმემ...

-კრიმინალური შემთხვევების გამო ხომ არ შეიცვალა ქართველების მიმართ დამოკიდებულება?

-ჩვენ, ზაარლანდში უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ქართველებს, იციან ქართული კულტურა. მახსოვს ერთი ქართველი მოსწავლე ამბობდა, მეკითხებიან, სად არის საქართველო?  ეს არის განათლების საკითხი, ვისაც განათლება აქვს, მათ კარგად იციან, სად არის საქართველო და რა ქვეყანაა. ხანდახან მიმღები გერმანელი ოჯახები ჩამოდიან ქუთაისში, უკან აღფრთოვანებულები მბრუნდებიან. ეს ოჯახები, ვინც პატიჟებს, მაინც განსაკუთრებული ოჯახები არიან, მათ უნდათ ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ცოტა ხნის წინ მომწერა 60 წლის ქალმა, აფთიაქის მფლობელმა, გამოთქვა სურვილი, რომ მიიღოს ქართველი მოსწავლე ოჯახში. მწერდა, როცა ჩამოვა ახალგაზრდა, მინდა, ჩვენი ლამაზი მხარე ვაჩვენოო.  

-ამ წლების მანძილზე თუ იყო ისტორია, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ?

-ეს არის ჯონის ამბავი, 4 წლის წინ იყო, ჩვეულებრივად ჩატარდა კონკურსი, ორი კანდიდატიდან ვერ გადამეწყვიტა, რომელი ამერჩია. ჯონის მამა ეგვიპტელი ყავდა, დედა ქართველი, რომელიც საბერძნეთში მუშაობდა.  მთხოვეს, რომ არჩევანი ჯონიზე შეეჩერებინა, რადგანაც მას ბებია ზრდიდა, ჯონი იმ ოჯახში გავუშვით, სადაც ბებია და ბაბუა იყვნენ. ჩასვლიდან ერთ კვირაში ბებიამ შენიშნა, რომ მას ფეხი ტკიოდა, ყურადღება მიაქცია, მიიყვანა ექიმთან, იქედან გამოკვლევებზე. ჯონის ფეხზე სიმსივნე აღმოაჩნდა.  გერმანიაში  მას ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა. თავიდან  იყო 130 ათას ევრო იყო საჭირო, შევაგროვეთ ეს თანხა, მხოლოდ დაგვჭირდა 50 ათასი ევრო, დაგვიბრუნეს დანარჩენი თანხა და ეს ამ ბავშვს დავუდეთ ანგარიშზე, იქაურმა ბებიამ თქვა, როდესაც 18 წლის გახდება, მას ეს თანხა ექნება. ყოველ წელიწადს ჩადის ჯონი გერმანიაში და იქ გადის კვლევებს.  მისი ამბები გაშუქდა მედიაში. 

-ქართულად კარგად საუბრობთ, როგორ დაეუფლეთ ენას?

-ჩემს სახლში 2005 წლიდან სულ ცხოვრობს ორი ან სამი ქართველი, სტუდენტები, ერთი 10 წელიწად ნახევარი დარჩა ჩემთან,  ერთი 6 წელი, როცა თბილისში ჩამოვდივარ, მასთან ვცხოვროთ. მათი დავალება არის, რომ მესაუბრონ ქართულად, ეს ერთადერთი ანაზღაურება, რასაც ვიღებ. ეს არის ერთ-ერთი ხერხი ენების სწავლის. 

-როგორც ვიცი,  უყურებთ ქართულ სერიალს, ასეა?

-კი, ქართულ არხებს ვუყურებთ, საინფორმაციოებს, სერიალებს, "ჩემი ცოლის დაქალები" განსაკუთრებით მიყვარს... მე მთელი ცხოვრება სხვადასხვა გუნდებში ვმღერი, 4 წლის წინ საარბრიუკენში აღინიშნებოდა თბილისთან მეგობრობის 40 წლის იუბილე. იქ იყვნენ თბილისიდან მსახიობი ქალები, რომლებიც ასევე მღეროდნენ გუნდში. დავინახეთ "ბაქარის დედა", კიდევ კატოს მეორე ქმრის დეიდა, იცით,  ეს როგორი სიურპრიზი იყო ჩემთვის? გავიგე, სად სადილობდნენ, მივედი და მივესალმე...

-თქვენს გუნდს რეპერტუარში თუ აქვს ქართული სიმღერები?

-ქართულად ვმღერით "სულიკო" და "შენ ხარ ვენახი". სიმღერის დროს ქართული სიტყვებს სწორად გამოვთქვამთ  თუ არა,  ამას მე მეკითხებიან. მეუბნენიან, ქართული ენა რთული არ არის? მე ვპასუხობ, ეს სიტყვაშივეა ნათქვამი - ქა-რთული - რთულია.

-თქვენი ძირითადი საქმიანობის შესახებ რას იტყვით?

-ვეწევი საადვოკატო საქმიანობას, ქართველების საქმეები მაქვს, ამაზე ვზრუნავ, მათ ინტერესებს ვიცავ, ასევე ვარ ფრანგულის და რუსულის თარჯიმანი, ამ მიმართულებითაც ვსაქმიანობ.

  -გარდა ფინანსური შესაძლებლობისა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ სიკეთე აკეთო?

-სიკეთის კეთებას ბევრი არაფერი სჭირდება, ეს არის კულტურის საკითხი. ჩვენს საზოგადოებას მცირე ფინანსური რესურსი აქვს, მე რომ აქ ჩამოვდივარ, თვითმფრინავის თუ მატარებლის ფულს თვითონ ვიხდი, ამისათვის საზოგადოების თანხას არ ვიყენებ, პირიქით, როდესაც მეგობრები მეუბნებიან, იურიდიული პრობლემა მაქვს, დამეხმარე და შემდეგ ანგარიშის ნომერს მთხოვენ, თუ სად უნდა გადმორიცხონ თანხა, მე ვაძლევ ჩვენი ქართულ-გერმანული საზოგადოების ანგარიშს. ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ამ თანხებით ვაკეთებთ ექსკურსიებს, პიკნიკებს. ხშირად არის შემთხვევები, რომ  ჩვენი ქართველი მოსწავლეები, რომლებიც იქ სწავლობენ, თავიანთი თანხებით ვერ მიდიან ექსკურსიებზე, ამაშიც ჩვენ ვეხმარებით.   

-თქვენი შინაგანი მოტივაცია რა არის?

-ვერ გეტყვით, შესაძლოა, თქვენ უკვე მიხვდით...  მე მიყვარს ახალგაზდები, ნიჭიერი და გონებაგახსნილი ადამიანები. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე