|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ ვაშაძე: "ქუთაისში ნათესავები მყავს, მაგრამ ამ ნიშნით არავინ იმუშავებს მერიაში"

   ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დიპლომატი გრიგოლ ვაშაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს ქუთაისის მერის პოსტზე იყრის.  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის  მერობის კანდიდატს  "ნიუპრესი" ესაუბრა.

- გარკვეულწილად გაჭიანურდა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატურის დასახელება,  მოხდა დაანონსებული პრეზენტაციის გადადება, ხომ არ  უკავშირდებოდა ეს თქვენს გადაწყვეტილებას?

- პოლიტსაბჭოს სურდა ისეთი კანდიდატურის შერჩევა, რაც აჩვენებდა, რომ პარტიას ქუთაისის მიმართ სერიოზული გეგმები აქვს.  ჩვენ ამ პროცესს იმის გამო ვაჭიანურებდით, რომ  პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ინიციატივას პოლიტსაბჭო უნდა დათანხმებოდა და ამან დრო წაიღო. გადაწყვეტილების მიღება ძნელი იყო, თუმცა მე ამისათვის დიდი დრო არ დამჭირვებია. ერთი კვირა ვითხოვე, რომ ქუთაისის ბიუჯეტს და სხვა მასალებს გავცნობოდი. ისეთი პროფესია მაქვს, რომელიც "ქაღალდის სიყვარულს" მოითხოვს. მე ვარ დიპლომატი და იურისტი და არასოდეს ისეთი საქმისთვის ხელი არ მომიკიდებია, რაშიც გათვითცნობიერებული არ ვარ. თუმცა არა მგონია, რომ საარჩევნო კამპანია გვიან დავიწყეთ. მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ ჩვენ ღარიბი პარტია ვართ, დასამალი არაფერია, ფინანსები არ გვაქვს,  ერთადერთი, რაც გვაქვს, გამოცდილება, ცოდნა და ადამიანური რესურსია, ამიტომ უარი ვეღარ ვთქვი.

-თქვენ მიიღეთ ეს გამოწვევა, უკვე შეხვდით ამომრჩეველსაც, როგორი იყო მოლოდინი და როგორია ის რეალობა, რაც დაგხვდათ, რა არის მთავარი პრობლემები ქუთაისში? 

-მე აგვისტოს დასაწყისში ვიყავი იმერეთის რამდენიმე რაიონში, ტყიბულში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში.. შემზარავი გაჭირვებაა. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ საერთოდ მივიწყებულია ეს მხარე. ულამაზეს ევროპულ ქალაქში არის საშინელი გაჭირვება. კოშმარია, როდესაც ოჯახს ამ ცხელ ზაფხულში უჭრიან წყალს, იმის გამო რომ მას აქვს 150 ლარის  დავალიანება  და სამი შვილის დედას ფული არ აქვს, რომ ეს გაუგებარი დავალიანება გადაიხადოს. 

-სად შეგხვდით ამ ადამიანებს?

 -ავტოქარხნის დასახლებაში, მოსახლეობას როდესაც ვესაუბრე. მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა, ეს არის ის, რაც ქუთაისის საფუძველს უთხრის. ასევე მოსახლეობის გაიზიანებას იწვევს ის, რომ ცენტრალური ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს ქუთაისს წაართვას საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი.

-თქვენს წარდგენაზე განაცხადეთ, რომ ქუთაისი საქართველოს დედაქალაქია და პარლამენტთან ერთად აქ უნდა მოხდეს მთავრობის გადმოსვლა, რაც საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია, როგორ წარმოგიდგენიათ ამის განხორციელება?

-გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ამისათვის ვიბრძოლებთ. 2012 წელს  რომ არჩევნები არ წაგვეგო, ქუთაისში გადმოვიდოდა მთავრობა. ქუთაისი გეოგრაფიული ცენტრია და არავითარი სიძნელი ამით არ შეიქმნებოდა, თბილისიც ამოისუნთქავდა.

-როგორც ჩანს, ქუთაისელების დარწმუნებაც გაჭირდა იმაში, რომ ქუთაისი იქნება საპარლამენტო დედაქალაქი,  ეს აჩვენა არჩევნების შედეგებმა. თქვენ როგორ აპირებთ დაარწმუნოთ ქუთაისელები ამ იდეის სისწორეში?

-თვენახევარია უკვე, ქუთაისში ჩამოვდივარ და მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ქუთაისელებს დარწმუნება ჭირდებათ. პირიქით, ყველას აზრია, რომ აქ უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. ეს ქუთაისის ბუნებრივი ფუნქციაა. დედაქალაქის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება დაფინანსება, თუმცა თბილისი ამით არაფრით დაიჩაგრება. როგორ შეიძლება მოვერიოთ ამ პრობლემებს, რომელიც ქუთაისშია, თუ მას არ გაეზრდება დაფინანსება? 68 მილიონი ამისათვის ძალიან მცირე თანხაა. ქუთაისის მოსახლეობა დაახლოებით ერთი მეათედია თბილისის მოსახლეობის, ქუთაისის ბიუჯეტი თბილისის ბიუჯეტის მეათედი - 80 მილიონი მაინც უნდა იყოს. ქუთაისის ახრჩობს ბიუროკრატიული ხარჯები, მერიასა და მის მიერ შექნილ 5 ათასამდე ადამიანი მუშაობს. 2012 წელთან შედარებით თითქმის 9 მილიონი ლარით მეტი იხარჯება ხელფასებზე დანამატებზე და პრემიებზე. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - მოსახლეობის ერთი ნაწილი ბიუროკრატია, გეგონება, ევროპაში ცხოვრობს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი ისე ცხოვრობს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. 

-დასაქმების პრობლემის გადაჭრას თქვენ როგორ გეგმავთ?

-ჩვენ თუ არ გვექნება ქალაქის განვითარების გეგმა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომელი პარტია გაიმარჯვებს, მაინც ძალაში დარჩება, არაფერი გამოვა. ერთის დაწყებული საქმე მეორემ უნდა გააგრძელოს. უმთავრესი მიმართულება, რომელიც ქუთაისს ამოქაჩავს, ეს არის ტურიზმი. საოცარი პოტენციალი აქვს ამ მხრივ ამ ქალაქს. საჭიროა პროფესიული ცენტრის შექმნა, სადაც ამ სფეროში მომუშავე ადამიანების მომზადება მოხდება. დანარჩენი მოყვება ამ თემას...

-თქვენ დაარღვიეთ სტერეოტიპი, რომ ქუთაისში კენჭი მაინცდამაინც ქუთაისელმა უნდა იყაროს, თუმცა თბილისში თქვენი მერობის კანდიდატი, რომლის შტაბის უფროსი თქვენ იყავით, აქცენტს სწორედ თავის თბილისელობაზე აკეთებს, რომელ აზრს იზიარებთ, უნდა იყოს  მერი იმ ქალაქის მკვიდრი, თუ არა? 

-თუ ჩვენ ქვეყანა ვართ და საქართველოს კონსტიტუციით ყველა მოქალაქე თანასწორია, არაფერი უშლის ხელს საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ ქალაქში იყაროს კეჭი. არავითარი დამატებითი ბენეფიტი არ არის, ვინ რომელი ქალაქიდანაა, ეს უბრალოდ, რიტორიკაა... თუ ეს ვინმეს აინტერესებს, "მწვანე ბაზარში" უკვე ვიყავი, ქალაქში დავდივარ, ყველა მხედავთ, ქუთაისის რაიონების და ქუჩების შესწავლა იმაზე რთული არ არის, ვიდრე 150  საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის შესწავლაა.

მე ჩემი თავი ქუთაისისთვის არ მედიდება, პირიქით, ახალი გამოწვევაა და ძალიან მაინტერესებს, გამარვების შემთხვევაში რა გამოვა.

-ნათესავები თუ გყავთ ქუთაისში, მერიაში რომ დაასაქმოთ შემდეგ? :)

-ნათესავები მყავს, იმიტომ რომ ბებია ქუთაისელია, 30-იან წლებში, როდესაც ბაბუაჩემი გახიზნული იყო ქვეყნიდან, ბებიამ მამაჩემი აქ გააჩინა... ნათესავები მყავს, მეგობრებიც, მაგრამ ამ ნიშნით არავინ იმუშავებს მერიაში. ბიუროკრატიის რაოდენობა ისევე შემცირდება, როგორც 2003 წელს ეს გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ". კადრების შერჩევის ცივილიზებული ტექნოლოგიები არსებობს და "ველოსიპედის თავიდან გამოგონება" არ დაგვჭირდება.

-როგორია თქვენი მოლოდინი, რა შედეგს ელოდებით ამ არჩევნებზე თქვენს გუნდთან ერთად?

-თუ ეს არჩევნები პატიოსნად ჩატარდება, ვერ წარმომიდგენია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება. 2016 წლისგან განსხვავებით, არცერთ ხმას არ შევარჩენთ ხელისუფლებას. მე არ ვიყავი მაშინ საარჩევო კამპანიაში ჩართული, რადგან არ ვიყავი პარტიის წევრი, თუმცა თვალნათლივ ჩანდა დარღვევები.

-მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური ქუთაისში?

-ველოდებით  პირწმინდად გამარჯვებას, თუმცა ყველაფერი ქუთაისელების განსასჯელია. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ჩვენ თუ გავაგრძელებთ ისეთ ცხოვრებას და განვითარებას, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ბულგარეთს ჩვენ დავეწევით 30 წლის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო საერთოდ მოწყდება განვითარებას. ცვლილებებისათვის მოქალაქეებს ხელში აქვთ ყველაზე მრისხანე იარაღი, რაც არის საარჩევნო ბიულეტენი. 

-თქვენი გამარჯვების შემთხვევაში თქვენი ოჯახი თუ გადმოვა ქუთაისში?

-ოჯახი დარჩება თბილისში. საზღვარგარეთ როდესაც მიწევდა მუშაობა,  ოჯახს წლობით ვერ ვნახულობდი, ახლა შორს არ ვიქნები...

-ჩვენი საიტის მკითხველი დაინტერსდა თქვენი მოქალაქეობის საკითხით...

-მე მქონდა ორი ქვეყნის მოქალაქეობა, 2009 წელს გავაგზავნე პასპორტი მოსკოვში, პროცედურას დაჭირდა დრო, 2010 წლიდან რუსეთის მოქალაქეობა არ მაქვს. რუსეთის მოქალაქეობა არის ერთადერთი, რასაც "ქართული ოცნება" ჩემზე პოულობს. მე მათგან განსხვავებით, რუსეთის მოქალაქეობა მქონდა და უარი ვთქვი, მათ უნდათ და რუსეთი არ აძლევთ.

-რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რამდენად არის ჩართული პარტიის საქმიანობაში?

-საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ ეტაპზე პარტიის საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ არის. ის არის სულ სხვა ფრონტზე, რომელიც სტრატეგიულად ერთმანეთს კვეთს. თუ რუსეთს თავისი ზრახვები გამოუვიდა უკრაინაში, შემდეგი ვართ ჩვენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე