რას შეეწირა გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის თანამდებობა?
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია. ამირან ვაშაკიძემ თანამდებობა ქუთაისის მერიას არსებული დაპირისპირების შემდეგ დატოვა. როგორც ვაშაკიძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, არასწორად გაცემული სამშენებლო ნებართვის გამო მამამისი მერიასთან სასამართლო დავაშია, ამის პარალელურად კი ადვოკატმა დელი ტუკვაძემ მისი მისამართით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მან განაცხადა, რომ მაჟორიტარის ბიუროს უფროსმა მეწარმეები დააშანტაჟა და მათ პროკურატურით დაემუქრა.
"ვადასტურებ, რომ წამოვედი სამსახურიდან, რაც უკავშირდება ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს. თითქოს, მე დავიბარე ის მეწარმეები, რომლებიც არასწორად აშენებენ კორპუსს, დავაშანტაჟე და კომერციული ფართები მოვითხოვე მათგან. შემდეგ კი მოვმართე პროკურატურას და მათ წინააღმდეგ აღვძარი საქმე. ეს ინფორმაცია ერთ–ერთ სააგენტოზე გადაუმოწმებლად გავრცელდა. რეალურად გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა მიმართულებით, რაც გულისხმობს სასამართლოს განჩინების შეუსრულებლობას. 30 სექტემბერს შეტანილ სარჩელზე მერიას ამ დრომდე არ მოუხდენია რეაგირება,"–აცხადებს ვაშაკიძე. მისივე განცხადებით, მერიამ თავად ჩართო საქმეში ლედი ტუკვაძე, რომელიც საერთოდ არ ფიქსირდებოდა ამ პროცესებში. მას დაავალეს, რომ საქმე სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანოს და მას პოლიტიკური ელფერის მისცეს.
"მერიამ მიზანმიმართულად ჩართო ადვოკატი ლედი ტუკვაძე ამ პროცესებში, მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქმე სამართლებრივი ჩარჩოებიდან პოლიტიკურ კონტექსტში გადაიტანოს. თუ ასე არ არის, მაშინ ლედი ტუკვაძემ დაამტკიცოს, საიდან აღმოჩნდა მის ხელში ეს დოკუმენტები. თუ ოფიციალურად გამოითხოვა, ესეც დაამტკიცოს. უბრალოდ, მერია ცდილობს დრო გაწელოს, რადგან სამართლებრივად ამ დავას წააგებენ. მე მიწის მითვისების ბრალდებით დამაჯარიმეს, მაშინ, როდესაც საქმეში დევს მტკიცებულება, რომ 2012 წელს ბებიაჩემის გარდაცვალების დროს მიწის არასწორად აზომვა მოხდა და ამას ამზომველებიც ადასტურებენ. მათ დაწერეს ახსნა–განმარტება, თუმცა მერიამ არ გაითვალისწინა და ჩვენ დაგვაჯარიმეს",–აცხადებს ვაშაკიძე.
მაჟორიტარის ბიუროს ყოფილი უფროსის განცხადებით, პროცესებში არ არის ჩახედული გუბაზ სანიკიძე, მას ინფორმაცია მხოლოდ ვაშაკიძის გადაწყვეტილებისა და მერიასა და მამამისს შორის არსებულ დავაზე აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ვაშაკიძემ დავა მისი ბიუროს სახელით გამართა, რის გამოც ბიურო უნდა დატოვოს.
"მე ვუთხარი ამირანს, რომ მას აქვს შესაძლებლობა დაიცვას სამართლებრივი გზით თავისი უფლებები და აქვე ვთხოვე, რომ ეს არ გაკეთებულიყო ჩვენი ბიუროს სახელით. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მან ეს გააკეთა ბიუროს სახელით, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება - დღეს ამირან ვაშაკიძე დატოვებს ჩემს ბიუროს. მერე ალბათ გააგრძელებენ ერთმანეთთან დავას",–განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მერიის მიერ დოკუმენტების გასაჯაროებას და პროცესებში ლედი ტუკვაძის მიზანმიმართულ ჩართვას არ ადასტურებენ მერიაში. აცხადებენ, რომ ამირან ვაშაკიძე თავდაცვის აბსურდულ მეთოდს იყენებს. მან არა თუ საკუთარი სურვილით, არამედ გუბაზ სანიკიძის გადაწყვეტილების შედეგად დატოვა თანამდებობა.
ამ დროისთვის ადვოკატ ლედი ტუკვაძესთან დაკავშირება ვერ შევძელით. მასთან გასაუბრებას მოგვიანებით კვლავ შევეცდებით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















