|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა წრე იზრდება

სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს მთავარ სერჟანტებს იარაღის ტარების უფლება მიენიჭებათ, -  ამის შესახებ ცვლილებები  „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.

ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს  პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 

საკითხი შეეხება თავდაცვის სამინისტროს მთავარი სერჟანტებისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი იარაღების ტარების უფლების მინიჭებას.

 მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მთავარი სერჟანტისთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭება, მათი დამსახურების აღიარებას და დამატებითი მოტივაციის მიცემას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მისაღებად სამხედრო მოსამსახურემ მინიმუმ 20 წელი უნდა იმსახუროს და სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკული კურსი უნდა გაიაროს.

 

კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრებმა დევი ჭანკოტაძემ და გუბაზ სანიკიძემ იარაღის ტარების უფლების მინიჭება უმცროსი ოფიცრებისთვისაც მოითხოვეს, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა კი ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში იარაღის ტარების მქონე პირთა წრე კიდევ უფრო უნდა შემცირდეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, კომიტეტი უახლოეს პერიოდში „იარაღის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მომზადებას დაიწყებს.

 

„კომიტეტის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან კონსულტაციებს გავმართავთ და თანამედროვე სტანდარტების კანონპროექტს შევიმუშავებთ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი