ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის ამოქმედების პარალელურად ძველი ნაგავსაყრელები გაუქმდება
იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები მხარის გუბერნატორთან შავლეგო ტაბატაძესთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმერეთში მმოქმედმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს.
როგორც იმერეთის მხარის რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ჟურნალიტებს განუცხადა, არსებულ ნაგავსაყრელების ევროპული სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელით ჩანაცვლება მნიშვნელოვანია.
"თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ, რა მდგომარეობა არის სამტრედიისა და ნიკეას ნაგავსაყრელზე და როგორ ბინძურდება გარემო მრავალი წლის მანძილზე. ხდებოდა ნარჩენების დაწვა და მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ფანჯრებს სუნის გამო დღესაც ვერ აღებს. ხედავთ, რომ ამ ტერიტორიებზე ისევ საშინელი მდგომარეობა არის. დამეთანხმებით, რომ ასეთ ნაგავსაყრელებს ჯობს ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობა, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სტანდარტების და ის დისკომფორტი, რასაც ახლა განიცდის სამტრედიისა და ნიკეას მოსახლეობა არ იარსებებს. პროექტი, რომლის თანახმადაც რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, ევროსტანდარტების შესაბამისია. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება", -განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
მყრეი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონული ნაგავსაყრელის პროექტი ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის და რეგიონის სხვა ნაგვსაყრელების დახურვას ითვალისწინებს. მათივე თქმით, ქუთაისის მიმდებარედ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება.
პროექტი ხორციელდება ქართულ-გერმანული მხარეების ფინანსური თანამშრომლობით. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, პროექტის დონორები არიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონ ევროა.
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.
ჟურნალისტებისათვის არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობის გაცნობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა ჭოგნარში ნაგავსაყრელის მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია სამხარეო ადმინისტაციის წინ გამართეს.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















