|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალების“ ფარული აღწერები ქუთაისში და გაცემული დაპირებები [audio]

ქუთაისში, ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეები მოსახლეობის ფარულ აღწერას ახორციელებენ და იქვე დაპირებებსაც იძლევიან.

newpress–ის ინფორმაციით, ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეები მათ დაქვემდებარებაში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში, მოსახლეობის აღწერის პარალელურად, ამომრჩეველთა პოლიტიკურ სიმპათიებსა და სურვილებსაც იკვლევენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული დავალება ამხანაგობების თავმჯდომარეებს ქუთაისის მერიის მართვის ტერიტორიულ ორგანოებში  ეძლევათ. ეს უკანასკნელნი კი დირექტივას „ნაციონალური მოძრაობისგან“ იღებენ.

„უნდა აღწეროთ ბინაში რამდენი ადამიანი ცხოვრობს. „ნაციონალია“, ოპოზიციას ემხრობა თუ ნეიტრალურია?. ისიც უნდა ჩაინიშნოთ, ადამიანს თუ რაიმე სურვილი აქვს და დახმარება უნდა. გვითხრეს, ეს სიები ჯერ თქვენ გქონდეთ და მერე გეტყვით სად უნდა მიიტანოთო,“ – ამბობს ერთ–ერთი ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელსაც newpress-ი ტელეფონით დაუკავშირდა და თავი ბინის ამხანაგობის ახლადდანიშნულ თავმჯდომარედ გააცნო. თუმცა, რესპონდენტის  ვინაობას, მისივე უსაფრთხოების მიზნით, არ ვასახელებთ.

მეორე რესპონდენტი, რომელიც newpress-თან, ასევე, პირად საუბარში ზემოთაღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, ასევე, ერთ–ერთი ბინის ამხანაგობი თავმჯდომარეა. ის აცხადებს, რომ მოსახლეობის აღწერის პროცესში სავალდებულოა მათი პირადი ნომრების, დაბადების თარიღის, პარტიულობის, სამუშაო ადგილებისა და სურვილების შემცველი ინფორმაციის ჩანიშვნა. აღწერებს კი ბინის ამხანაგობების თავმჯდომარებს ავალებენ იმიტომ, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მიკროკოორდინატორები არიან.

მესამე წყარო, კიდევ ერთი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თამჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული დავალებების დეტალებს  ისინი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად გადიან და შესრულებულ დავალებასაც მუნიციპალიტეტს აბარებენ.

ბინათამხანაგობების თავმჯდომარეების მისამართით გაცემულ დავალებებთან დაკავშირებით თავად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანებს დავუკავშირდით,  რომელთაც დავალების არსებობა  უარყვეს.

„მუნიციპალიტეტი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. ჩემს მუნიციპალიტეტში მსგავსი დავალება არ ყოფილა გაცემული. პარტია და ხელმძღვანელობა რას აძლევს, არ ვიცი,“ – ამბობს ავტოქარხნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზვიად კვირიკაძე.

კვირიკაძის მსგავსად, ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის გაცემული დავალება უარყო სულხან–საბას ტერიტორიული ორგანოს რწემუნებულმა ფირუზ ბენიძემაც: „არაფერი ვიცი. ნამდვილად პირველად მესმის,“ – ამბობს ბენიძე.

თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში ირწმუნებიან, რომ პატრია მოსახლეობაში არავითარ  აღწერებს არ აწარმოებს. ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოში, კახა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მას მსგავსი არაფერი სმენია და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯოდმარეებისთვის შესაბამისი დავალებები არ გაცემულა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, ბინის ამხანაგობათა მესაკუთრეები საბიუჯეტო დაფინანსებაზე იმყოფებიან. გარდა ამისა, მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დღესასწაულებზე პრემიები და საჩუქრებიც ერიცხებათ. ასევე, მათი უმრავლესობა არჩევნების პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ უბნის კოორდინატორობის გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები არიან, „ნაციონალების“ ქვოტით. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა