ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 36,115 ფიზიკური პირი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ბაზაში 60 ფიზიკური პირია შეყვანილი, ხოლო თავად პირის მომართვით - 36,053 განაცხადი დარეგისტრირდა. შედარებისთვის აგვისტოში გაკეთებული განცხადების თანახმად, ამ სიაში 30,000 ადამიანი იყო რეგისტრირებული, წინა წლის მდგომარეობით კი 20,000 პირი. შესაბამისად ერთ წელიწადში დამოკიდებულ პირთა სია 16,000-ით გაიზარდა.
უწყების ინფორმაციითვე, „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 577 247 პირის შესახებ მონაცემები.
შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა და მის შედეგად 25 წლამდე პირებს, ასევე საჯარო მოსამსახურეებს თამაში აეკრძალათ. ამასთან, შეიქმნა დამოკიდებულ პირთა რეესტრი, რომელში შესვლაც მოქალაქეებს საკუთარი განცხადების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლიათ.
"დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.
თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge - ვებგვერდის საშუალებით.
ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://videocall.rs.ge/
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ოჯახის წევრს უფლება აქვს („ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) განცხადებით მიმართოს სასამართლოს პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე და აღნიშნული მოთხოვნა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.
პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.


13:05
14:45
















