|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„500 დღეა აქ ვდგავართ, თოვლსა და წვიმაში“ - რას ითხოვენ პროტესტის მონაწილეები

უწყვეტი პროტესტის მე-500-ე დღეს ქუთაისში ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები. 

მათი თქმით, მოთხოვნები უცვლელია, ითხოვენ ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ბექა შალამბერიძემ „ნიუპრესს“ უთხრა, „ოცნების“ ხელისუფლებამ საზოგადოება გახლიჩა და ადამიანებში ერთმანეთის მიმართ ზიზღი ჩანერგა.  

„500 დღეა აქ ვდგავართ, თოვლსა და წვიმაში, გვინდა, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ქვეყანა. მოთხოვნები ყველამ იცის და  უცვლელია. არ ვაღიარებთ ამ მთავრობის ლეგიტიმურობას, არ არსებობს „ოცნების“ გაკეთებული საქმე, მათივე პრეზიდენტმა, ყაველაშვილმაც კი ვერ დაასახელა მათი გაკეთებული სამი კარგი საქმე. ყველაზე ცუდი, რაც გაკეთეს, ეს არის ევროპული კურსის დაკარგვა და ადამიანებში ზიზღის ჩანერგვა, საზოგადოება ორად გახლიჩეს და ერთმანეთს დაუპირისპირეს, “, - უთხრა „ნიუპრესს“ ბექა შალამბერიძემ. 

აქციის მონაწილების თქმით, უწყვეტი პროტესტის 500 დღიდან არცერთი დღე არ ჩაუგდიათ აფხაზეთიდან დევნილ ძმებს რომეო და მიხეილ ფიფიებს.

როგორც რომეო ფიფიამ „ნიუპრესს“ უთხრა, ის რაც აიძულებს ყოველდღე, სამუშაოს შემდეგ ქუჩაში გამოვიდეს და საპროტესტო აქციაზე დადგეს, ეს არის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე;

„სახელმწიფოებრიობის დაკარგვა არ მინდა, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, ჩემი ქვეყნის ერთი კუთხე უკვე დაიკარგა, არ მინდა მთლიანად ქვეყნის დაკარგვა, რუსეთთან რაიმე ფორმით კოლაბორაცია ეს იგივეა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვა", - უთხრა ნიუპრესს რომეო ფიფიამ.

ცნობისთვის, უწყვეტი საპროტესტო აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებისათვის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე დააკავეს ათეულობით ადამიანი. მათი ნაწილი ამ დრომდე ციხეებში რჩება.  „ოცნებას“ ასევე დემონსტრანტების უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლაში ადანაშაულებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა