|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი - ჩემთვის არ იყო ცნობილი ამ აქციის შესახებ, მაგრამ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.

როგორც ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას კითხვის საპაუხოდ განაცხადა, ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე იღებს საზოგადოებიდან გარკვეულ რეაქციებს. "ჩემთვის ნამდვილად არ იყო ცნობილი რა აქცია იმართებოდა, როცა ვიდეოკადრი ჩამიგდეს, მაშინ ვნახე იქ რაც ხდებოდა. ერთი თემა ის არის, რომ ყველა ადამიანს თავისი გამოხატვის უფლება აქვს, ეს დემოკრატიის პრინციპია, თუმცა როცა ვინმეს ღირსება ილახება, დემოკრატია მაინცდამაინც აღარ მუშაობს. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ყველა გარკვეულ რეაქციას თავისი ცხოვრების წესით იმსახურებს და ალბათ, რაც იქ ხდებოდა, ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული, იმ ადამიანმა თავისი ცხოვრების წესით, მისი გაკეთებული საქმეებით დაიმსახურა. გულწრფელად გეტყვით არც ვიყავი ინფორმირებული თუ ასეთი აქცია იგეგმებოდა, რამდენიმე მათგანი ჩემთვის ნაცნობია, უმრავლესობა არც კი ვიცი, ვინ იყო, მაგრამ ერთს ვიტყვი ხაზგასმით, რომ ყველა ღებულობს იმას, რასაც იმსახურებს თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა, შიმშილობს, ქუთაისიდან ჩასულმა 50-მდე ადამიანმა აქცია გამართა, რომლის დროსაც ისინი მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ აგინებდნენ.

ავტორი: ნიუპრესი