|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი ექიმი პასუხისგებაში მიეცა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კერძო სამედიცინო კლინიკის ოთხი ექიმი.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „მე-4 პოლიკლინიკის“ დირექტორი, შპს „მე-4 სამედიცინო ცენტრის” დირექტორი, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი და შპს „ოჯახის მკურნალის“ ექიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 250-დან 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ამზადებდნენ და ასაღებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს, სადაც დაფიქსირებული იყო არარეალური დიაგნოზი.

„გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი