"კონსტიტუციის დარღვევა მხოლოდ ქუთაისის პრობლემა არ უნდა იყოს"
"დატოვეთ პარლამენტი", "ნუ წაიღებთ პარლამენტს ქუთაისიდან", "ნუ წაგვართმევთ პარლამენტს"-ეს და კიდევ სხვა მსგავსი მოწოდებები საკითხის გეოგრაფიულ ლოკაციამდე დაყვანას და დავიწროებას ნიშნავს,- მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე გია გოქაძე. ამის ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას ეხმიანება, რომელმაც პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით აქციების სერია წამოიწყო.
გოქაძეს ორგანიზაცია ამ ერთობას სწორედ ამ განსხვავებული შეხედულების გამო გამოეყო.
გია გოქაძე მიიჩნევს, რომ შეცდომაა, კონსტიტუციის იგნორირება მხოლოდ ერთი ქალაქის პრობლემად წარმოჩნდეს.
"დარღვეულია კონსტიტუციის ის მუხლი, სადაც გარკვევით წერია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი. კონსტიტუცია როდესაც ირღვება, პრობლემა თანაბრად არსებობს ყველასთვის. ამიტომ როდესაც კონსტიტუციას ასე ავიწროებ და საქართველოს ეუბნები, რომ ქუთაისელებს პარლამენტს გვართმევენ და დაგვიტოვე, ეს მიდგომა თავშივე მცდარია",-აცხადებს გია გოქაძე.
"ევროპა ჩვენი სახლია" მმართველ ძალასთან ერთად პოლიტიკურ ოპოზიციასაც აკრიტიკებს. გია გოქაძის თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია მხოლოდ განცხადებებით გმობს კონსტიტუციის დარღვევას, თავად კი მონაწილეობს ამ კანონდარღვევაში.
"საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას იღებს თბილისის პარლამენტის შენობაში საკომიტეტო მოსმენებში და იქვე ფუნქციონერებს მათი აპარატიც. რა გამოდის? საპარლამენტო ოპოზიცია მხოლოდ სიტყვიერად გმობს კონსტიტუციის დარღვევას. რა სურს ოპოზიციას, ის, რომ ტვირთად აკიდოს კონსტიტუციის დაცვა ერთ ქალაქს და შემდეგ ამ ქალაქის მცხოვრებლებს აყვედროს, რომ ვერ დაიცვეს პარლამენტის ადგილსამყოფელი? ",-აცხადებს გია გოქაძე.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















