"მადლიერების სახლში" ვიცე-მერის და ჟურნალისტების ვიზიტმა ააიპის მმართველის გარეშე ჩაიარა
"ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას და გამოწვევას "მადლიერების სახლთან" დაკავშირებით"-განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთავაძემ ააიპში ყოფნის დროს.
"მადლიერების სახლში" ვიცე-მერის და ჟურნალისტების ვიზიტმა ააიპის მმართველის გარეშე ჩაიარა. ნინო თვალთავაძემ მედიის წარმომადგენლებთან ერთად ააიპის ახალი სამზარეულო დაათვალიერა. მისი თქმით, ქუთაისის "მადლიერების სახლს" სამზარეულოს აღჭურვილობა გადაეცა. ტექნიკა ქუთაისის მერიამ ქართულ-გერმანული ცენტრისგან, როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, ისე მიიღო, მერიამ კი საკუთარ ააიპს გადასცა.
"დღეს ვიმყოფებით "მადლიერების სახლში", ჩვენი მიზანია, გვეჩვენებინა, როგორ მზადდება საკვები და წარმოგვედგინა ჩვენი ახალი სამზარეულო, რომელიც ქართულ-გერმანული ცენტრის დახმარებით, როგორც ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო მერიამ და გადასცა "მადლიერების სახლს". მადლობა ცენტრს, რადგან ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, კიდევ უკეთ მომზადდეს აქ საკვები. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას და გამოწვევას", - განაცხადა ნინო თვალათვაძემ.
მისი თქმით, "მადლიერების სახლი" 800 ბენეფიციარს ემსახურება და წელს შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.
მერიამ "მადლიერების სახლის" სამზარეულოს პირობების გასაჯაროება, სავარაუდოდ, "ქუთაისი თუდეის" მიერ გავრცელებული ინფორმაციების საპასუხოდ გადაწყვიტა. "მადლიერების სახლის" წარმომადგენლების განმარტებით, ინფორმაცია, თითქოს არასათანადოდ მომზადებული საკვებით უმასპინძლდებიან ბენეფიციარებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
კითხვები დაისვა "მადლიერების სახლის" მმართველის თამთა ბაკურაძის მისამართითაც. კითხვაზე, განიხილება თუ არა ბაკურაძის სამსახურიდან გაშვება, თვალთვაძე პასუხობს:
"არ განიხილება. არც ერთი ფაქტი, რაც გააჟღერდა, არ დადასტურებულა. შენიშვნაც არ გვაქვს, რადგან გავიმეორებ, რომ არცერთი პრეტენზია არ დადასტურდა, მაგრამ ნებისმიერ კრიტიკაზე გვექნება რეაგირება", -განაცხადა ნინო თვალთვაძემ. მისი თქმით, თუ დადასტურდება ინფორმაცია, თითქოს საზღვაგარეთ წასულ თანამშრომელს რეალურად ერიცხებოდა თანხა, მერიის რეაგირება იქნება შესაბამისი.
"როგორც მე ვიცი, ასეთი რამ არ ყოფილა, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო 200 ლართან დაკავშირებით, რაც გასწორდა, თუ დადასტურდა, რომ დღემდე ირიცხება თანხა, რეაგირება იქნება შესაბამისი და პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", -განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არ დაესწრო ააიპის მმართველი "მადლიერების სახლში" ვიცე-მერის ვიზიტს, როგორც "ნიუპრესს" განუმარტეს, თამთა ბაკურაძე შვებულებაში იმყოფება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















