მარჯვენასაჭიანის გარდა, საჭეგადატანილი ავტომანქანების რეგისტრაციაც იკრძალება
შსს–ს ინიციატივით, 2016 წლის 1-ელი მარტიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება. ეს აკრძალვა ავტომობილების გარდა, ასეთი ტიპის ავტობუსებსაც შეეხება.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის მიხედვით, 2016 წლის 1-ელი მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი ავტობუსი, ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს, ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხება მხარეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება.
ამასთან, რეგისტრაციის აკრძალვა საქართველოში უკვე ექსპლუატაციაში მყოფ მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებსა და ავტობუსებზე არ გავრცელდება და მათი ხელახალი რეგისტრაცია დასაშვები იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის მიღებას პარლამენტი არ იჩქარებს და საკითხი მიმდინარე წლის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება. უსუფაშვილი კომიტეტებს მიმართავს, საკითხის განხილვა განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და საჯაროობის დაცვით მოხდეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















