|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერია ჩვენს გაჩუმებას ცდილობს" - "თეთრ ხიდზე" საპროტესტო აქცია გაიმართა

ქუთაისში "თეთრ ხიდზე" აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების წარმომადგენლები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია უკანონოდ დააჯარიმეს.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარეს, რომლის წინააღმდეგაც მერიამ სასამართლოს მიმართა.

"მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო დაჯარიმებას, არასწორია, რადგან საქართველოს კანონმდებლობა სავალ ნაწილზე ამ ზომის სტიკერების დაკვრას არ კრძალავს. ამასთან, ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილში არაფერია წერია ხიდებზე, შესაბამისად, დაჯარიმება უკანონოდ მოხდა. ეს არის მცდელობა, გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ და ლაგამი ამოსდონ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც კრიტიკულია მერიის არასწორად შესრულებული სამუშაოების მიმართ", -განაცხადა ლიბერალური კლუბის წევრმა გოჩა ჩხეტიამ. 

მერიის მიერ დაჯარიმებას აპროტესტებს "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე გია გოქაძე. მისი თქმით, მერია ცდილობს, ორგანიზაციაზე ამგვარად მოახდინოს ზემოქმედება.

"ჩვენ სტიკერი ორჯერ დავაკარით, საინტერესოა, პირველ ჯერზე რატომ არ მოხდა დაჯარიმება? მაგრამ ეს არის მცდელობა შეგვიზღუდონ გამოხატვის თავისუფლება და დაგვაბრუნონ კომუნიზმში. მერია ჯარიმების ოდენობას ეტაპობრივად გაზრდის და ბოლოს ალბათ, დაპატიმრებამდეც მივა მათი მოთხოვნა. ნაცვლად ხარვეზების გამოსწორებისა, მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ იბრძვიან და ჩვენს გაჩუმებას ცდილობენ", - განაცხადა გია გოქაძემ. 

12 იანვარს "თეთრ ხიდზე"  სტიკერების გაკვრის გამო მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და მისი 500 ლარით დაჯარიმება მოითხოვა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია განმარტავს, რომ ორგანიზაციამ ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილით დაარღვია, რაც მისი თქმით,  გულისხმობს სტიკერების, ბანერების ან სხვა აქსესუარების გაკვრას გზის სავალ ნაწილზე.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა