მერიის არასწორად დაგეგმილი პროექტი თუ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინება?
ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების მცხოვრებლები ძლიერმა წვიმამ დააზარალა. ქიაჩელის ქუჩის მოსახლეობის თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოში მერიამ გზის რეაბილიტაცია მოახდინა, თუმცა სამუშაოების დროს არ გაითვალისწინეს მათი შენიშვნები, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები შექმნა.
ადგილობრივი დოდო ჯანელიძის განცხადებით, მერიის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ სამუშაოების მიმდინარეობის დროს არ გაითვალისწინა ის ფაქტორი, რომ ფურცელაძის ქუჩიდან წყალი ქვიშას და ნაგავს ჩამოიტანდა, ეს ნარჩენები კი სანიაღვრე არხში გაიჭედებოდა.
„ამიტომ არ უნდა მოეხდინათ სანიაღვრე არხების დაბეტონება და ღია მდომარეობაში უნდა დარჩენილიყო. რომ ვუთხარით, რა პრობლემებსაც გამოიწვევდა, გვითხრეს, ჩვენ ვართ პასუხისმგებლებიო. რა ვქნათ ახლა ჩვენ, მთელი კანალიზაცია გაიჭედა, წყალი სახლში შემოგვივიდა. მივმართავთ მერიას, მოაგვარონ ეს პრობლემა, კეთილი ინებონ და გაწმინდონ არხი, მე არ მაქვს იმის საშუალება, ყოველი წვიმის დროს მანქანა დავიქირაო კანალიზაციის გასაწმენდად“,–განაცხადა დოდო ჯანელიძემ.
ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებთა შენიშვნენს არ იზიარებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე, რომელსაც თავის მხრივ შენიშვნები აქვს მოსახლეობის მიმართ. მისი თქმით, სანიაღვრე არხის გარკვეულ მონაკვეთზე დაბეტონება სწორედ ადგილობრივების თხოვნის საფუძველზე მოხდა.
„ეს ქუჩა რომ გაკეთდა, არხები ღია მდგომარეობაში რჩებოდა, უბრალოდ, ბეტონის ფილები გადაედებოდა ზემოდან, რომ დაზიანების შემთხვევაში ადვილი ყოფილიყო გაწმენდა, მაგრამ მოსახელობამ მოგვთხოვა გადაგვებეტონებინა და მათი თხოვნა გავითვალისწინეთ. პრობლემებს თვითონ ქმნიან არხზე კანალიზაცვიის დაერთებით. სამუშაოების დროსაც კი სანიაღვრე არხზე კანალიზაცია დაუერთეს. მივედი, სიტყვიერი გაფრთხილება მივეცით, თუმცა უშედეგოდ. რაც შეეხება არსებულ პრობლემას, სპეციალური სამსახური გავა და მოახდენს შემოწმებას“,–განაცხადა ბასილაძემ.
დასახლებას კანალიზაციის პრობლემაც აწუხებს, რომლის მოგვარებაც ევროპის რეკონტრუქციის ბანკის მიერ გადმორიცხული თანხის ფარგლებში მომავალ წლებში იგეგმება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















