მერიის შეღავათიანი პროექტის ფარგლებში ქუთაისში ორი სასტუმრო აშენდება
ქუთაისში, უახლოეს მომავალში, დამატებით ორი ახალი, 20 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. მშენებლობა მერიის შეღავათიანი პროექტის ფარგლებში მოხდება. პროექტი, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა, ამ დროისთვის საინტერესო ორი ინვესტორისთვის აღმოჩნდა. მათ აუქციონზე შეძენილ ადგილებზე სასტუმროები უნდა ააშენონ. მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხელშეკრულებები გაფორმდა.
"ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება; თუ მსურველები აუქციონის წესით შეიძენენ ადგილს და მას გამოიყენებენ სასტუმროს მშენებლობისათვის, ისინი თანხის გადახდას ორწლიანი უპროცენტო განვადების პირობებით შეძლებენ. მოთხოვნაა, რომ სასტუმრო 20 და მეტი ნომრიანი იყოს. ამ შეთავაზებით ორმა მსხვილმა ინვესტორმა ისარგებლა, გავუფორმეთ ხელშეკრულება. ჩვენ არ ვერევით, თუ რა ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ. ჩვენი მოთხოვნაა სასტუმროების აშენება", -განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.
მისი თქმით, სასტუმროს მშენებლობის ვადებს არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახური ინდივიდუალურად ადგენს.
კლდიაშვილის ინფორმაციით, სასტუმროები რუსთველის ხიდთან, ე.წ. სასროლეთის ტერიტორიაზე და გაპონოვის ქუჩაზე მოეწყობა.
მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ პროექტი არ არის ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება. მისივე განცხადებით, აღნიშნული შეთავაზება ხელს უწყობს პრივატიზებას, მასთან ერთად, ეკონომიკის განვითარებას. კლდიაშვილი განმარტავს, რომ წელს პრივატიზების გეგმა გადაჭარბებით და შესრულების უპრეცედენტო მაჩვენებლით მიმდინარეობს. სამსახური პრივატიზების კვარტალური მონაცემების პრეზენტაციის გამართვას გეგმავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















