"ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერია თანამშრომლების დაშინებას ცდილობს"
ქუთაისში განვითარებულ პროცესებს საკრებულო ლეიბორისტი დეპუტატი სამსონ გუგავა გამოეხმაურა. გუგავას განცხადებით, ბაღების თანამშრომლები დაბალი ხელფასების გამო გაიფიცნენ და მათი პროტესტი სამართლიანია, ვინაიდან მათ რთული სამუშაოს შესრულება მიზერულ ხელფასის სანაცვლოდ უწევთ.
"დღეს მივიღეთ ის, რომ ბაღების თანამშრომლები გაიფიცნენ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი პროტესტის გაგრძელებას აპირებენ, თუ მათი მოთხვნა არ დაკმაყოფილდება. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერია თანამშრომლების დაშინებას ცდილობს. თუ ამგვარად გაგრძელდა, მერიის უმოქმედობით მივიღებთ კატასტროფულ შედეგს, რაც დააზარალებს ბავშვებს და მათ მშობლებს",–განაცხადა გუგავამ.
მისივე თქმით, მან შეიმუშავა გეგმა, რომელიც მერიას მისცეს შესაძლებლობას ბიუჯეტში მილიონნახევარი ლარი გამოთავისუფლდეს და ეს თანხა ბაღების ააიპს დაემატოს. გუგავას განცხადებით, თანხები უნდა მოაკლდეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროგრამა "კორსუსს" და კულტურულ ღონისძიებებს.
ბაღების თანამშრომელთა დაშინებას კატეგორიულად გამორიცხავს ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი და ამბობს, რომ თანამშრომელთა შეცვლა არ იგეგმება. თუმცა იმ ფაქტს, რომ ბაგა–ბაღების გაერთიანებამ დილით ბაღებში უცნობი მოქალაქეები მიიყვანა და გაფიცულებს სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა, ამგვარად ხსნის.
"ჩვენ არ ვაპირებთ არავის გაშვებას, რაც შეეხება მათ მიყვანას, ესენი არ არიან მომავალი თანამშრომლები. იმისათვის, რომ პროცესი არ ჩაშლილიყო, მივიყვანეთ ადამიანები, რომლებიც დროებით ჩაატარებენ სასწავლო პროცესს",–განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















