|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეშახტეები საპროტესტო აქციას დღეს ტყიბულის გამგეობის წინ განაახლებენ

ტყიბულში უკვე 2 კვირაა გრძელდება მეშახტეების გაფიცვა. სამხრივმა მოლაპარაკების პროცესმა, რომელშიც მონაწილეობას სახალხო დამცველი და   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ელდარ ჯგერენია  იღებდა, შედეგი ვერ გამოიღო. მეშახტეებმა არ მიიღეს ადმინისტრაციის შეთავაზება და  შეთანხმების დოკუმენტი პროტესტის ნიშნად, საჯაროდ დახიეს.

მოგვიანებით  არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაციების, „მწვანე მუშტისა“ და „თვითორგანიზების ქსელის“, წარმომადგენლები, შეძახილებით: „სოლიდარობა მეშახტეებს!“ - შახტის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ. სიტუაციის განმუხტვა პოლიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა. 

მეშახტეებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც  განმარტავენ, თუ რატომ არ მიიღეს  ადმინისტრაციის პირობები.

 "პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ გაფიცვის სიმწვავის, სირთულის და გაფიცულთა რაოდენობის მიუხედავად, საწარმო სათანადოდ არ აღიარებს გაფიცულთა მოთხოვნების სერიოზულობას და სამართლიანობას. საწარმო, უკანასკნელი დღეების მანძილზე, გვეუბნებოდა რომ ის საერთოდ ვერ დააკმაყოფილებდა გაფიცულთა მოთხოვნას ხელფასის გაზრდის თაობაზე. 

  

 

გაფიცვის მე-12 დღეს, გაფიცვის მონაწილეებმა გაფრთხილების მიზნით დაიკავა საწარმოს ადმინისტრაციული შენობა, რაც გამოიწვია საწარმოს მიერ დასაქმებულთა პირობების დაკმაყოფილებაზე სრულიად მიუღებელმა და დაუსაბუთებელმა უარმა და სახელმწიფოს არაეფექტურმა ჩარევამ. ამის შემდეგ, დამსაქმებელმა შეარბილა მისი პრინციპული პოზიცია და მეშახტეებს დაგვპირდა ხელფასის მხოლოდ 5%-იან ზრდას, ისიც გაფიცვის შეწყვეტიდან 2 თვის შემდეგ. დღეს, საწარმომ, პირობა შეცვალა და ხელფასის 5%-იანი ზრდა, გაფიცვის დასრულებისთანავე შემოგვთავაზა.

ამ შეთავაზებას გაფიცულები არ დაეთანხმნენ ერთსულოვნად, ვინაიდან ის ახლოსაც არაა დასაქმებულების მოთხოვნასთან ხელფასის 40%-იან ზრდაზე. მით უმეტეს, 2011 წელს, გაფიცვის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, საწარმოს აქვს აღებული ვალდებულება ხელფასების ყოველწლიური ინდექსირებისა და შრომის უსაფრთხების პირობების გაუმჯობესებაზე, რაც დღემდე შეუსრულებელია.

 

შესაბამისად, გაფიცვა გრძელდება შემდეგი მოთხოვნებით: შრომის ანაზღაურების 40%-იანი ზრდა; შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება; გარანტია გაფიცულებისთვის, შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნებაზე", - ნათქვამია გაფიცულთა განცხადებაში.

საპროტესტო აქცია დღეს  14:00 საათზე, ტყიბულის გამგეობის წინ განახლდება, სადაც მეშახტეები ამ მოთხოვნებს გააჟღერებენ.

 

ტყიბულში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს EMC-"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" უკეთებს. ორგანიზაციის შეფასებით, მეშახტეების გაფიცვა შრომით დავას გასცდა და სოციალურ პროტესტში გადაიზარდა. 

 

ავტორი: ნიუპრესი