მინდელის შახტთან შეკრებული მეშახტეები გაფიცულ მუშებს მხარდაჭერას უცხადებენ
ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის შახტებში ჩასული მეშახტეების მხარდასაჭერად მინდელის სახელობის შახტთან კომპანიის სხვა თანამშრომლები შეიკრიბნენ. ისინი კუთვნილ ხელფასებს, ასევე შახტის მუშაობასთან დაკავშირებული გეგმების გაცნობას ითხოვენ.
გაფიცულებს მხარს უჭერს მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთადა ქიმიკოსთა პროფკავშირი, რომლის ინფორმაციით, 30-მდე მეშახტე მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
პროფკავშირის ინფორმაციით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ეხლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა.
მეშახტეები ვერ იხდიან საბანკო და კომუნალურ ვალდებულებებს, რის გამოც შესაძლოა, მათ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიის მიწოდება შეუწყდეთ.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას" და ,,სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა.
ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ მინისტრის ბრძანებით შეჩერდა.
დღეს 30-მდე მეშახტე მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა, საიდანაც ამოსვლაზე მოთხოვნების შესრულებამდე უარს აცხადებენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















