რას უკავშირდება შოთა მურღულიასა და გია თევდორაძის შეხვედრა?
ქუთაისის თვითმმართველობის მიერ ეკონომიკის სამინისტროსათვის 204 600 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიის გადაცემას უკვე მოყვა შეფასებები ქუთაისში. საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ მას ბუნდოვანი გარიგება უწოდა, თუმცა საკითხი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გია თევდორაძისათვის, რომ ის ქალაქის მერს შეხვდა და მომავალი ინვესტიიციის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ შოთა მურღულიასგან მოისმინა.
თევდორაძის განცხადებით, საკითხის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა მიესალმება აღნიშნული პროექტი რეალურად თუ განხორციელდება. მისი თქმით, მას კითხვები კომპანიის მიმართ გაუჩნდა.
"მე არასოდეს შევხვედრივარ შოთა მურღულიას რაიმე საკითხზე სასაუბროდ, მაგრამ გუშინ ეს ინფორმაცია რომ გაჟღერდა, პირადად შევხვდი მას და მოვისმინე იმ სამომავლო გეგმის შესახებ, რაც შეიძლება ქუთაისში განხორციელდეს. ვინაიდან, ეს თემა ჩემთვის ძალიან სენსიტიურია და მივესალმები, თუ ქალაქში მსგავსი პროექტი განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ხიბლით მის გვერდით უზარმაზარი ინვესტიცია ხორციელდება. მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ძალიან იმედიანად არის თავად ქალაქის მერი, რადგან ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა საუბარი. რაც შეეხება კომპანია "აია ინტერტაიმენტს", მოვიძიე მის შესახებ ინფორმაცია და ის 2015 წლის დეკემბერში არის დაფუძნებული. მისი მფლობელებიც არ არიან ბიზნეს სექტროში ცნობილი პიროვნებები. ასევე კომპანიის სახელზე რაიმე კაპიტალი არ ირიცხება, რაც აჩენს კითხვებს. თუმცა, როგორც გავიგეთ, ეს კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოურ ინვესტორებთან", – განაცხადა თევდორაძემ და იმ პირობებზეც ისაუბრა, რომელთა გათვალისწინება ქუთაისს დანაკარგს ააცილებს.
"რამდენადაც ვიცით, ხელშეკრულება პირობებით გაფორმდა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ თუ არ მოხდა პროექტის განხორციელება ტერიტორია ისევ ქუთაისს დაუბრუნდება, რაც დაინტერესებულ პირებს არ მისცემს საშუალებას ტერიტორია დაიტოვონ და შემდეგ სარფიანად გაყიდონ. ასევე კომპანია ვერ დაიწყებს საქმიანობას, თუ მის ბალანსზე საწყისი კაპიტალის სახით 40 მილიონი ევრო არ იქნება. თუ მოხდება ამ პირობების გათვალისწინება, კარგი იქნება", – განაცხადა თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საკრებულომ დაამტკიცა საკითხი, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 20 ჰექტარი მიწის ფართობი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. სამინისტრო დაინტერესებულ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში დაახლოებით 270 მილიონი ევროს ინვესტიციით მინი ქალაქი მოეწყობა. საკითხის შესახებ გუშინ ქალაქის მერმაც გააკეტა კომენტარი და აღნიშნა, რომ ზუსტ დეტალებზე საუბარი ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არ განხორციელდება, ქუთაისს აღნიშნული მიწა უკან დაუბრუნდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















