მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა უქმდება
მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის შესაძლო გაუქმებას თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს, რომელზეც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მუშაობს.
ამის შესახებ მინისტრმა ზურა ალავიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება.
მინისტრის თქმით, მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის, ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას - მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია.
"მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს. ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი”, - განაცხადა ალავიძემ.
ალავიძის განცხადებით, საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ. მისივე თქმით, არჩევითობის წესი უცვლელია - ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება. არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ-ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს - განაცხადა მინისტრმა.
ალავიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















