ქუთაისში მუზეუმის ყოფილი შენობა თემურ ჭყონიას გადაეცემა
ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ ქუთაისის ცენტრში არსებული მუზეუმის ყოფილი შენობა ინვესტორისათვის გადასაცემად მზადდება.
"ხვალ გაიმართება რიგგარეშე სხდომა, სადაც განვიხილავთ ერთ საკითხს, ეს არის მუზეუმის ყოფილი შენობის მიმდებარე მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემის საკითხი. რაც შეეხება მუზეუმის ყოფილ შენობას, ის ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, იქ იგეგმება სასტუმროს აშენება, თუმცა ინვესტორს შენობასთან ერთად სურს მიმდებარე მიწის ნაკვეთი. საუბარია დაახლოებით 100 კვ. მ მიწის ფართობზე", - განაცხადა გიორგი ჭეიშვილმა.
როგორც მან განაცხადა, შენობით და მის გვერდით მიმდებარე მიწის ნაკვეთით, არსებული ინფორმაციით, "ქორთიად მერიოტია" დაინტერესებული.
ურთიერთთანამშრომლობის მემორადნუმს ქუთაისის მერიასა და ,,ქორთიარდ მერიოტის" წარმომადგენელს თემურ ჭყონიას შორის გასულ წელს მოეწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, თემურ ჭყონია 100-ზე მეტ ნომრიან 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს, რომელიც მართვაში ,,ქორთიარდ მერიოტს"გადაეცემა. როგორც მაშინდელი მერი შოთა მურღულია აცხადებდა, ადგილზე 13 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განცხადებით კი, ადგილზე 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
"არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცემა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისად, მოხდება ინვესტირება არსებულ მიწის ნაკვეთზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდება 10 მლნ ლარის ინვესტირება, დასაქმდება 50 ადამიანი და უსახური შენობის ნაცვლად მივიღებთ ლამაზ შენობა-ნაგებობას, რომელიც მიმზიდველი იქნება ტურისტებისათვის, ასევე ქალაქის იერ-სახისთვის", -განაცხდა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, საკითხი დღეს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ გააპროტესტა. მისი თქმით, საკითხის ფორსირებულად გადაწყვეტა "კოკა-კოლას" წარმომადგენელის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად 50 ათასი ლარის გადარიცხვას უკავშირდება. გიგა შუშანიამ მმართველი პარტია პოლიტიკურ კორუფციაში დაადანაშაულა.
ქუთაისში, მაკდონალდსის გვერდით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი" აშენდება
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















