იმერეთის ვიცე-გუბერნატორი "ფეისბუკ" სტატუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
გავრცელებულ სტატუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მხარის ვიცე გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ. მისი თქმით, მან თავისი სტატუსი კონკრეტულ სააგენტოს მიუძღვნა, რომელმაც მის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.
„ეს ეხება კონკრულ სააგენტოს და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ საიტებს“, -განუცხადა პაატა ნადირაძემ „ნიუპრესს".
შეგახსენებთ, „ქინძებო, გირჩებო, ციყვებო, მათი იდეებით შეპყრობილო სააგენტოებო. მათთვის ჩუმად ინფორმაციის მიმცემებო, შურით შეპყრობილო, ძალით ჩვენო თანამშრომლებო და ვითომ მეგობრებო. დაანებეთ თავი არაადამიანური, ბინძური, ტყუილი, დეზინფორმაციის გავრცელებას. დროა უკვე გონს მოეგოთ, თქვენი კონცერტი დიდი ხანია დამთავრებულია“,–დაწერა ნადირაძემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.
როგორც ამ სტატუსიდან ჩანს, ვიცე გუბერნატორი უარყოფით კონტექსტში არა მხოლოდ მედიასაშუალებებს მოიხსენიებს, არამედ საკუთარ თანამშრომლებსაც, რომლებსაც „ინფორმაციის მიმცემებს“ უწოდებს.
სტატუსს ჟურნალისტების უარყოფითი რეაქცია მოყვა. როგორც ისინი სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება აქვს, თუ კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ პრეტენზია აქვს, კონკრეტული ფაქტის შესახებ უნდა იდავოს და მედიასაშუალებებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით არ მიმართოს.

ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
18:25
15:07
12:11
















