პარლამენტის თავმჯდომარე ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ მოთხოვნას უერთდება:
"ვუერთდები საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას რუსეთის ფედერაციაში უკანონო პატიმრობაში მყოფი ოფიცრის, უკრაინის რადას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრის ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ.
სოლიდარობას ვუცხადებ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინის მთავრობას, რადას წევრებს და ჩემს კოლეგას, ბატონ ვოლოდიმირ გროისმანს ამ რთულ ვითარებაში.
მართალია, რთულია, გჯეროდეს დღევანდელი რუსეთის სასამართლო სისტემის სამართლიანობის, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტოდ ძლიერი პოზიცია გავლენას იქონიებს ნაჩქარევად დაანონსებულ საბოლოო განაჩენზე", -ნათქვამია დავით უსუფაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთში, როსტოვის მხარის ქალაქ დონეცკის სასამართლოს განცხადებით, უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 21-22 მარტს გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, უკრაინელი მფრინავი, 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება. უკრაინელ პილოტს რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ჟურნალისტების მკლელობაში ედება ბრალი.
ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ქუთაისშიც გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















