"ნატო ქათამაძე "ნაციონალებს" შეეკრა"–ნიკოლოზ ლატარია
საკრებულოს დეპუტატების ნიკოლოზ ლატარიასა და ნატო ქათამაძის დაპირისპირება დღეს საკრებულოს სხდომაზე გაგრძელდა. ლატარიამ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო ქათამაძემ დეზინფორმაცია გაავრცელა.
"კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩემი ინტერესი არაა კაფეს მშენებლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, თავის მართლება მიწევს. ნატო ქათამაძემ გუშინ გადაცემაში (ტვ რიონი) ზედმეტი იკადრა და ჩემი შეურაცხყოფა გააგრძელა. მე ფიზიკურად ვერ შევძელი გადაცემაში მისვლა, ამიტომ აქედან ვეხმაურები მას. ქათამაძემ თავის განცხადებით გამოაჩინა, ვის ინტერესსაც ატარებს, ის "ნაციონალურ მოძრაობას" შეეკრა. განცხადება, თითქოს მე "ნაციონალებს" თანხას ვურიცხავდი, იმ კონტექსტში გააჟღერა, როგორც აწყობდა. დიახ, 2008 წელს, ომის დროს, როდესაც ყველა ორგანიზაცია რიცხავდა თანხებს, მეც გადავრიცხე, რადგან ეს ჩვენს ჯარისკაცებს ჭირდებოდათ იმისათვის, რომ ომში საჭმელი ეჭამათ და ამის არ მრცხვენია", –განაცხადა ლატარიამ და იმ ბრალდებაზეც ისაუბრა, რაც მის ხელფასსა და და სახელფასო დანამატზე გაკეთდა. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დარიცხული ხელფასი და დანამატი მას და ბექა ყანჩელს სახლში არ წაუღიათ, არამედ ქველმოქმედებაში ხარჯავენ.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდა თავად ნატო ქათამაძე, თუმცა მან საკრებულო ლატარიას განცხადებამდე დატოვა, რაზედაც ლატარიამ აღნიშნა, რომ ნატო ქათამაძე საკრებულოდან გაიპარა.
"რესპუბლიკელი" დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუატი რიბიზონ წინწკალაძე და აღნიშნა, რომ ნატო ქათამაძისა და ლატარიას დავა ტელევიზიით არ უნდა გაგრძელებულიყო.
ქათამაძის განცხადებები დაგმო თეიმურაზ ნადირაძემ.
"თუ ლატარიასთან ქონდა პრობლემა, მთელი საკრებულო რას გვლანძღა. არავის დაუვალებია მისთვის საკრებულოს შეურაცხყოფა. ყველას უსაქმური გვიწოდა, თითქოს ჩვენ არაფერს ვაკეთებთ და ხალხი დახმარებას მას თხოვს. მოკლედ, ნატო ქათამაძემ თავი ჟანა დარკად წარმოაჩინა, ჩვენ კი უსაქმურებად"–განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.
ნატო ქათამაძე აცხადებს, რომ ლატარიას მის განცხადებებზე პასუხს უახლოეს მომავალში გასცემს და დაამტკიცებს თავის სიმართლეს. რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, მისი განცხადებით, კომისიის სხდომაზე მომხდარი ფაქტის შემდეგ მათ არ უნდა ეკადრებინათ ნატო ქათამაძის დადანაშაულება.
"ნიკოლოზ ლატარიას მე უახლოეს მომავალში გავცემ პასუხს და ამას ყველა გაიგებს. რაც შეეხებათ სხვა დეპუტატებს, შემირცხვენია ყველა ის დეპუტატი, რომლებიც კომისიის სხდომის შემდეგ გამოდიან და მე მადანაშაულებენ. სირცხვილი მათ. მე ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიყავი და ვიქნები. მათ კი შევახსენებ, რომ მთავარი არაა სკამი, მთავარია ადამიანობა. მათ წელიწადნახევარში თანამდებობები აღარ ექნებათ. სხვისი ღირსების დანახვა რომ შეძლო, ამისათვის თავად უნდა იყო ღირსეული"–განაცხადა ნატო ქათამაძემ.
შეგახსენებთ, ნატო ქათამაძე და ნიკოლოზ ლატარია ერთმანეთს რიონის სანაპიროზე არსებული კაფეს მშენებლობის გამო დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















