|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის სამხარეო პოლიციის შეფს ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებენ

2013 წლის 17 დეკემბერს დაკავებული ირაკლი ლიპარტელიანისა და თემურ ქურასბედიანის ოჯახები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს, ზაზა ჩუბინიძეს ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

დაკავებულები ქუთაისში, წისქვილკომბინატის იმერეთის მიმრთულების სარეალიზაციო პუნქტის, შპს "ბევრილი ჯგუფის" თანამშრომლები იყვენენ. მათ წინააღმდეგ საქმე 1 334 331, 75 ლარის მითვისებისთვის აღიძრა.

აღნიშული საქმეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიცია იძიებდა, რომლის უფროსი, ზაზა ჩუბინიძე მანამდე შპს "ბევრილი ჯგუფის"  უფროსი  იყო.

დაკავებულების ოჯახის წევრები და უფლებადამცველები იმერეთის სამხარეო პოლიციის მიერ აღნიშნული საქმის გამოძიებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, საქმის გამოძიება ობიექტურად  არ წარიმართა.

დაკავებულების ოჯახები ჩუბინიძის მხრიდან მათზე ზეწოლასა და მუქარებზე საუბრობენ. ისინი შსს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს აღნიშნული საქმით დაინერესებისკენ და ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. დაკავებულების ოჯახის წევრები ზაზა ჩუბინიძის დაკითხვას და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

"ამ ყველაფერს ხელს აფარებს ჩუბინიძე, როცა ჩემს შვილზე მეტი თანხის გაფლანგვა უფიქსირდება ჩუბინიძეს. მოვითხოვ დაიკითხოს ჩუბინიძე. ღარიბაშვილმა და ჭიკაიძემ შეისწავლონ მისი საქმიანობა," - აცხადებს დაკავებული ირაკლი ლიპარტელიანის დედა, მზია ლიპარტელიანი.

იმერეთის სამხარეო პოლიციის პრეს-სამსახურის ცნობით, უწყება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს იმ მიზეზის გამო, რომ ამ ეტაპზე საქმე თბილისის პროკურატურის ქვემდებარეა და მას საქალაქო სასამართლო განიხილავს.  

 

 

  

ავტორი: დეა მანაგაძე