რუსეთში 40 წლამდე ქალებს მოწევა და თამბაქოს შეძენა აეკრძალებათ
რუსეთში 40 წლამდე ასაკის ქალებისთვის სიგარეტის მიყიდვა აიკრძალება. სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დაჯარიმდება ის, ვინც 40 წლამდე ქალებს სიგარეტს მიყიდის.
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, დოკუმენტი განსახილველად, კომუნისტური პარტიის დეპუტატმა ივან ნიკიტჩუკმა წარადგინა. იგი პარლამენტს ცვლილებების შეტანას სთავაზობს კანონში ,, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა თამბაქოს კვამლისგან და თამბაქოს მოხმარების უარყოფითი შედეგებისგან“. დეპუტატი თვლის, რომ აუცილებელია ქალებს აეკრძალოთ თამბაქოს მიყიდვა, მათი 14 წლამდე შვილების თანდასწრებით.
იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს ეჭვი შეეპარება, იგი ვალდებულია მოსთხოვოს ქალს პასპორტი, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
კანონპროექტის თანახმად : „სიგარეტის მიყიდვა 40 წლამდე ასაკის ქალებისთვის, ასევე იმ ქალებისთვის, რომლებიც ამას მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით აკეთებენ, ისჯება ჯარიმით – 3-დან 5 ათასი რუბლით სამოქალაქო პირებისთვის, ხოლო თანამდებობის პირებისთვის 30-დან 50 ათასამდე, იურიდიული პირებისთვის კი 100- დან 150 ათასამდე რუბლით“.
შეგახსენებთ, 1 ივნისიდან რუსეთში, რომელიც მწეველთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთ ტოპ ადგილს იკავებს, ძალაში შევიდა კანონი საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვის თაობაზე. აღნიშნული კანონის მიხედვით, მოწევა იკრძალება დაწესებულებებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დამატებითი შეზღუდვები აღნიშნული კუთხით განხორციელდება წლის ბოლოს. რუსეთში მოსახლეობის 40 პროცენტი მწეველია, აქ სიგარეტი გაცილებით იაფია ვიდრე აშშ-სა და ევროპაში.
წყარო; ntv.ru
"ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი