|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ხილი და ბოსტნეული თითქმის 100%-ით გაძვირდა

სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი ნაწილი ზაფხულის მიწურულსაც კი საგრძნობლად ძვირია. მომხმარებელი უკვე ნერვიულობს, რომ სურსათი მომარაგების თვალსაზრისით, მძიმე ზამთარი და კიდევ უფრო რთული გაზაფხული ელის. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ასეთი ძვირი ზაფხული მომხმარებელს არ ახსოვს.  პროდუქტის გაძვირება რუსეთის ბაზრის გახსნასა და გვალვას უკავშირდება.

შარშანდელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის ბევრი პროდუქტის ფასი გაორმაგებული და გასამმაგებულია. სეზონი ისე იწურება, რომ 1 კილოგრამი პომიდორი 80 თეთრს არ ჩამოცდა, კარგი პროდუქტი კი 1,30-1,50 ლარი ღირს. შარშან ამ დროს კი 1 კგ პომიდორის ფასი 50-60 თეთრი იყო. შარშან თუ, აგრარულ ბაზრობებზე 4 კილოგრამი კიტრის ღირებულება 1 ლარი იყო, წელს 1 კილოგრამის ფასი 70 თეთრზე დაბლა არ ჩამოსულა. ასევე 70 თეთრი ღირს ბადრიჯანი (შარშან 3-4 კგ 1 ლარი ღირდა), ხოლო ნიორი - 2,5 ლარი. 2-2,5 ლარია მჭადის ფქვილი მაშინ, როდესაც შარშან ამავე პერიოდში მისი ღირებულება 1,5 ლარს არ ასცელია. თითქმის იგივე ფასი დარჩა კომბოსტოზე, ხახვსა და კარტოფილზე. წელს შიდა ქართლში უხვი მოსავლის გამო, სავარაუდოდ, არც ე.წ. მინდვრის ლობიო გაძვირდება.

მკვეთრად გაძვირდა ხილიც. თუ შარშან 1 კილოგრამი ატამი, საშუალოდ, 40-50 თეთრი ღირდა (ზოგიერთ აგრარულ ბაზარში 3კილოგრამი 1 ლარი), წელს მისი ფასი 1 ლარს არ ჩამოსცდენია. ძვირია ქლიავი და 1 კილოგრამის ფასი 2 ლარია. 

წინა წლებთან შედარებით, მაღალი ფასი აქვს საზამთროსა და ნესვს. რამდენიმე დღის წინ 1 კილოგრამი საზამთრო 70-80 თეთრი ღირდა, ამჯერად ფასი 50-60 თეთრის ფარგლებშია. ვაჭრების ინფორმაციით, ეს დროებითია. ბოლო დღეებში ერთბაშად ბევრი საზამთრო დაიკრიფა, ამიტომ შედარებით გაიაფდა და მალე მისი ღირებულება ისევ 80 თეთრს მიაღწევს.

გაძვირდა რძის პროდუქტებიც. 1 კგ იმერული ყველის ფასმა 6,5-7 ლარს მიაღწია, სულგუნი კი 10-12 ლარი ღირს.


გაზეთი „ბიზნეს რეზონანსი“


სტატიის სრული ვერსია

commersant.ge


ავტორი: ნიუპრესი