|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო თანხებით სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი და ერთი ქაშმირის პალტო იყიდა

საქართველოს მთავარი პროკურატურა იმ მონაცემებს აქვეყნებს რაშიც მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი დაიხარჯა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ეს თანხა 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის პერიდში, ყოფილი პრეზიდენტისა და სდსს-ს ხელმძღვანელს შორის არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების საფუძველზე გაიფლანგა. 
კერძოდ: სასტუმროს მომსახურებისათვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 074 611 ლარი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 916 017 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 403 966 ლარი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 280 196 ლარი, კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 673 260 ლარი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის - 273 971 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად - 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 237 354 ლარი, სხვადასხვა ხარჯების ასანაზღაურებლად - 576 508 ლარი. 
მიხეილ სააკაშვილისათვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისათვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისათვის და მზარეულის ესპანეთში მგზავრობისათვის გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26 388 ლარი, კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ქ. ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; მიხეილ სააკაშვილისათვის ავიალაინერის დაქირავებისათვის გადახდილია 503 383 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასათვის ავსტრიაში ,,პორშეს", ,,მერსედესისა" და ,,აუდის" მარკების ავტომანქანების დაქირავებისათვის გადახდილი იქნა 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისათვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისათვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისათვის ველოსიპედების დაქირავებისათვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისათვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994,84 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; ქ. ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა.

იხილეთ ვრცლად.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი