|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 920 ადამიანი თავშესაფარს სამი წელია ელოდება

ქუთაისში უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების რიცხვი მატულობს. მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, ქუთაისის მერიას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით სულ 200 -მდე ადამიანმა მიმართა.
ამის ფონზე, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმით დაეხმარებიან უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს. მაშინ, როდესაც ქუთაისის მერის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, სწორედ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის საბინაო ფონდის შექმნა იყო.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ქალაქში საბინაო ფონდის შექმნისთვის საჭირო თანხები, მხოლოდ მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.
ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ საბინაო ფონდის შექმნა 2014 წლის ზამთრისთვის ფიზიკურად ვერ ხერხდება. 
საქმე იმაშია, რომ უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს, საბინაო ფონდის შექმნას ქალაქში არსებული მიტოვებული შენობა-ნაგებობების ხარჯზე დაპირდნენ. სადაც, რეკონსტრუქციის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები უსახლკაროებზე უნდა გაიცეს. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, მსგავსი გამოთავისუფლებული ფართები ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არ მოიპოვება.
ქუთაისის ვიცე-მერის კოტე ქავარაძის თქმით, ქალაქში არსებული მიტოვებული შენობა-ნაგებობები, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ხოლო თვითმმართველობის საკუთრებაში გადაცემას დრო სჭირდება.
„იმისათვის რომ მიტოვებული შენობები საბინაო ფონდისთვის გამოვიყენოთ, საჭიროა ეკონომიკის სამინისტრომ ისინი ჩვენ გადმოგვცეს. ამის შესახებ წერილი სამინისტროს მიმდინარე წლის ზაფხულში გავუგზავნეთ, თუმცა პასხუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. შესაბამისად, არ მგონია ფონდის შექმნა მომავალ წლამდე მოხერხდეს,“- განმარტავს ქავთარაძე.
ქუთაისში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების თაობაზე, ადგილობრივ თვითმართველობას, ბოლო სამი წლლის მანძილზე სულ 961 მოქალაქემ მიმართა. აღნიშნული მოთხოვნებიდან, ამ დრომდე მხოლოდ 41 განცხადებაა დაკმაყოფილებული.
საბინაო ფონდის შექმნამდე, მათ ვისაც არც ქირის გადახდის საშუალება აქვს და არც ნათესავების იმედად შეუძლიათ ცხოვრება, მოსალოდნელი ზამთრის პირობებში, ქუთაისის მერიამ შესაძლოა მათთვის კარვები მიმდინარე წელსაც გაშალოს.

ავტორი: ანა ჯანაშია

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა