|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი საგაზაფხულო სამუშაოების პროექტს გაეცნო

იმერეთის გუბერნატორმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს უმასპინძლა. გუბერნატორი და გამგებლები "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს" გაეცნენ. პროექტი სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარინა მორგოშიამ,  "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" მენეჯერმა დავით კიკნაძემ და შპს "მექანიზატორის" დირექტორმა ზვიად ჩხაიძემ წარადგინეს. "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში" 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას. ბიუჯეტი 50 ათას ლარს შეადგენს. "პროექტის ფარგლებში წინასწარი მონაცემებით იმერეთის მასშტაბით დახმარებას 163 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს.  აქედან ხვნის ბარათს 114 ათას 756 ფერმერი მიირებს. შევხვდით იმერეთის რეგიონის გამგებლებს, გავაცანით პროექტი, რომ უფრო კარგად მოხდეს მისი განხორციელება",- განაცხადა  სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარინანა მორგოშიამ. 

პროექტთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს გამგებლებმაც. "ვანის მუნიციპალიტეტისთვის 14 ერთეული ტრაქტორია გამოყოფილი. მიმდინარეობს სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება, ხელის შემშლელი ფაქტორები პროექტის განსახორციელებლად არ არსებობს", - განაცხადა ვანის გამგებელმა   ზაზა ხურციძემ. 
"ჩვენთანაც მიმდინარეობს აგრობარათების დარიგება. დაიწყო ხვნის პროცესი და მგონი იმერეთის რეგიონში ჩვენ პირველები ვართ,  სადაც ხვნა დაიწყო 55 ჰექტარია დამუშავებული", - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტისი გამგებელმა ჯემალ მებუკემ. 
აგრობარათის მომსახურეობას ფერმერებს წელსაც "ლიბერთი ბანკი" გაუწევს, მათ შესაძლებლობა ექნებათ სასოფლო-სამეურნეო საქონელი სხვადახვა დროს სხვადასხვა მიმწოდებლისგან მიიღონ. პროექტი პირველ დეკემბერს დასრულდება. 

ავტორი: ანა ჯიქია