|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკოლოზ ვაშაკიძის მხარდამჭერი წერილი ვრცელდება

ცნობილი კარგიოქირურგის ნიკოლოზ ვაშაკიძის მხარდასაჭერად  წერილი ვრცელდება. ექიმები  და საზოგადოები სხვა წარმომადგენლები ნიკოლოზ ვაშაკიძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. 
„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, სამსახურიდან გაენთავისუფლებინა გულის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესიონალი ექიმი, კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე, გულწრფელი აღშფოთება და თანადგომის ტალღა გამოიწვია საზოგადოებაში.
არსებობენ ექიმები, რომლებიც საკუთარ პროფესიას ადამიანების სიყვარულად აქცევენ. ბატონი ნიკოლოზ ვაშაყმაძე სწორედ ასეთია - ექიმი, რომელმაც ასობით სიცოცხლე გადაარჩინა, ახალგაზრდებს გზა გაუხსნა და ქართული გულის ქირურგია დასავლურ სტანდარტებზე აიყვანა.
გვსურს ღიად გამოვხატოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა, სოლიდარობა და მხარდაჭერა ექიმისადმი, რომელმაც თავისი პროფესიული და ადამიანური ერთგულებით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში.
ბატონი ნიკოლოზ ვაშაყმაძე მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას გამორჩეული პროფესიონალიზმით, თავდადებითა და კეთილსინდისიერებით. მას შემდეგ, რაც მან გერმანიაში წარმატებული კარიერა დათმო და დაბრუნდა სამშობლოში, მისი მიზანი იყო ერთი — გაეზიარებინა ევროპული გამოცდილება და დასავლეთ საქართველოში გულის ქირურგიის განვითარებისთვის შეექმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო სივრცე.
მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის გულის ცენტრი გადაიქცა არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებად, არამედ ცოდნისა და პროფესიული ზრდის კერად. ასობით პაციენტმა მიიღო შანსი სიცოცხლეზე, ხოლო ახალგაზრდა ექიმებმა — პროფესიულ სრულყოფაზე. ბატონი ნიკოლოზის მოღვაწეობამ ქართულ სამედიცინო სფეროში დაამკვიდრა თანამედროვე მიდგომა, თანაგრძნობა და სამართლიანობის პრინციპები — ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სიჯანსაღისთვის. აღსანიშნავია, რომ ბატონი ნიკოლოზ ვაშაყმაძის საქმიანობის შედეგად, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას აღარ უწევდა თბილისში გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ეს მათ უზოგავდა როგორც დამღლელ და ხშირად სარისკო გზას, ისე მკურნალობის დაგვიანებით გამოწვეულ ჯანმრთელობის საფრთხეებს.
სწორედ ამიტომ, მისი გათავისუფლება გულისტკივილს იწვევს არა მხოლოდ პროფესიულ წრეებში, არამედ იმ ათასობით პაციენტში, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს მისი ადამიანური სითბო და პროფესიული ოსტატობა. მსგავსი გადაწყვეტილებები, როცა ისინი მიუღებელია და გაუგებარია საზოგადოებისთვის, აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთლიანად სამედიცინო საზოგადოების მორალურ ფუნდამენტს და მომავალზე ნდობას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენა და პროფესიული ღირსების პატივისცემა არის აუცილებელი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში არსებობდეს ისეთი გარემო, სადაც ღირსეული ადამიანები რჩებიან, ქმნიან და ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას.
ჩვენ, ბატონი ნიკოლოზ ვაშაყმაძის პაციენტები და თანამოაზრეები გამოვხატავთ უპირობო მხარდაჭერას მისადმი და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული საკითხი განიხილება ობიექტურად, სამართლიანად და იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რომელსაც თავად ბატონი ნიკოლოზი 11 წლის განმავლობაში ემსახურებოდა — პროფესიონალიზმი, პატიოსნება და ადამიანურობა.
დღეს ჩვენი დროა ვაჩვენოთ, რომ ღირსეულ ადამიანებს არ ტოვებენ მარტო!
გთხოვთ, შეუერთდეთ ღია წერილს და ხელმოწერით/კომენტარის დაფიქსირებით გამოხატოთ მხარდაჭერა — სამართლიანობისა და პროფესიული ღირსების დასაცავად!", - წერია განცხადებაში. 
 წერილს რამდენიმე ასეული ხელმმოწერა აქვს. 

ავტორი: