„ნიჭიერ ბავშვებს განვითარების შანსი წაართვეს“
მერიის ინიციატივითა და საკრებულოს დადგენილებით მიმდინარე წლიდან კულტურისა და სპორტის ააიპში შემავალ სკოლებში სწავლა ფასიანი გახდება. თანხა 5-დან 20-ლარამდეა, სკოლების მიხედვით.
საკითხი საკრებულომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, რასაც დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება მოყვა.
მათი განცხადებით, თანხის გამო ბავშვები ვერ შეძლებენ სკოლებში სიარულს.
მომხდარი უკვე გახდა მშობელთა შენიშვნისა და ბავშვების მიერ სკოლების დატოვების მიზეზიც. მშობლების განცხადებით, მათ არ შეუძლიათ არსებულ პირობებში თანხის გადახდა.
„ორი შვილი მყავს. დავდიოდით სხვადასხვა სკოლაში, ვცდილობდით დატვირთული ვყოფილიყავით. ახლა კი სწავლა ფასიანი გახდა. უკვე დავტოვეთ სახელოვნებო სკოლა და ვფიქრობთ, სხვა სკოლებში სიარულსაც დავანებოთ თავი, რადგან ვერ შევძლებთ გადავიხადოთ თითო სკოლაში 20 ლარი. ამ მდგომარეობაში ჩავარდა ყველა მშობელი და ყველა ნიჭიერი ბავშვი დარჩა სკოლის გარეშე, რადგან კარგად მოგეხსენებათ, დღეს რა მდგომარეობა ქალაქში. ფაქტობრივად, ბავშვებს განვითარების შანსი წაართვეს“, - აცხადებს მშობელი სალომე ამბროლაძე.
მისივე თქმით, სწავლა ფასიანი მათთვის უნდა გამხდარიყო, ვინც ამ წლიდან მივიდოდა სკოლაში.
“ვინც დადიოდა წრეებზე ხომ შეიძლებოდა, მათ მისცემოდათ შესაძლებლობა კურსის დამთავრების? ვინც ახლა მოვა, მათთვის უნდა გამხდარიყო ფასიანი და ის გადაწყვეტდა სახელმწიფო ააიპში მიიყვანდა შვილს, თუ კერძო სკოლაში. თუ თანხა უნდა გადავიხადო, რატომ მივიყვან სახელმწიფო დაწესებულებაში, სადაც მათ გრაფიკზე გვიწევს აწყობა, მივიყვან კერძო მასწავლებელთან და დროს მე თავად შევარჩევ, ისე, რომ ბავშვს გადარბენაზე ყოფნა არ მოუწიოს“, - აცხადებს სალომე ამბროლაძე.
მშობლების განცხადებით, მათთვის გაუგებარია, რატომ გახდა სწავლა ფასიანი, როდესაც არაფერი შეცვლილა, არ გაზრდილა მასწავლებელთა რაოდენობა.
„გამოდის, რომ მერია ვეღარ აფინასებს ააიპებს და ქალაქს მიუგდო შესანახად, მშობლებმა უნდა შეინახონ ამდენი მასწავლებლები, მაშინ რად გვინდა ამდენი ააიპი და ამდენი სკოლა, ხომ არის კულტურის და სპორტის სამსახურები? ან რა თანხას ხარჯავდა მერიამ ამ დრომდეც? მხოლოდ ხელფასს, რადგან ყველა აქტივობაში ფულს ვიხდიდით, ყველა ღონისძიება ჩვენს მიერ ფინანსდებოდა, მიუხედავად ამისა, მაინც ვატარებდით ბავშვებს, რადგან არ გვიწევდა ყოველთვიური გადასახადის გადახდა, ახლა კი ყველაფრისთვის თავის დანებება მოგვიხდება ამის გამო“,-აცხადებენ მშობლები.
სკოლებში სწავლის საფასურის დაწესებამ ბავშვთა ნაკადის შესაძლო შემცირება რომ გამოიწვიოს ადასტურებს სპორტის ააიპის ხელმძღავენელი ნინო უჩაძე. მისი თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები თანხის რაოდენობისა და შეღავათების შესახებ. როგორც მან განმარტა, პირველი თვე ვინაიდან დასვენება იყო, მშობლებს იანვრის საფასურის გადახდა არ მოუწევთ. მისივე განცხადებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და სამ თვეში ყველა საკითხზე მუშაობა დასრულდება, შობლებს სკოლების მიხედვით თანხის გადახდა თებერვლიდან მოუწევთ. ააიპში შემავალ სკოლებში 41 სპორტის სახეობა ისწავლება.
"თითო ბავშვის შენახვა 76 ლარი გვიჯდება თვეში, საკმაოდ დიდ თანხებზე არის საუბარი. ამას ემატება იცის, რომ სკოლები იჯარით გვაქვს აღებული და თანხის გადახდა გვიწევს. ამიტომ დაწესდა გადასახადები, თუმცა მოქმედებს შეღავათები, მრავალშვილიანი ოჯახის შვილები თანხის ნახევარს გადაიხდიან. წარმატებული მოსწავლეები კი რომლებიც ქალაქის ნაკრებებში არიან გათავისუფლდებიან გადასახადისგან და მათ ქალაქი თავად შეინახავს"-განაცხადა ნინო უჩაძემ.
სწავლა ფასიანი გახდა კულტურის ააიპის შემავალ ყველა სკოლაშიც. ააიპის მმართველის ელისო ქაროსანიძის განცხადებით, პროექტში ცვლილებები შევა, ჯერჯერობით უცნობია, როდიდან გახდება სწავლა ფასიანი, თუმცა ცნობილია, რომ საფასურისგან განთავისუფლდებიან შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები და სოციალურად დაუცველთა შვილები.
ამასთან ერთად, შეგახსენებთ, რომ მერის გადაწყვეტილებით, ააიპებში რეორგანიზაცია გაგრძელდება. პროცესი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას უკავშირდება. მერის მტკიცებით, შემცირება არ მოხდება პედაგოგების ხარჯზე და შემცირებები მხოლოდ ააიპების ადმინსიტრაციებში ჩატარდება. მიმდინარე წელს უკვე ათი თანამშრომლით შემცირდა მერიის ააიპი „ბოტანიკური ბაღის" თანამშრომელთა რაოდენობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















