ნუგზარ კოხრეიძე, რომელიც პოლონეთში არ შეუშვეს, კლიმატის ფორუმზე დასწრებას აპირებდა
პოლონეთის ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კლიმატის ფორუმზე დასწრებას აპირებდნენ, ქვეყანაში არ შეუშვა.
როგორც ცნობილი გახდა, მესაზღვრეებმა სამოქალაქო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი არ გაატარეს, მათ შორისაა ნუგზარ კოხრეიძე, რომელიც კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელია.
ქართველი სამოქალაქო აქტივისტი კატოვიცეს აეროპორტში გასულ ღამეს საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს და უთხრეს, რომ მისი სახელი საშიში პირების სიაშია.
ნუგზარ კოხრეიძის თქმით, სამართალდამცველებმა მას ორი ვარიანტი შესთავაზეს - უკან გაბრუნებულიყო საქართველოში და პოლონეთში მოგვიანებით ჩასულიყო, უარის შემთხვევაში კი დეპორტაცია დაემუქრებოდა და 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალებოდა. მისივე თქმით, პოლონეთში მათი ჩასვლის მიზანს მარშში მონაწილეობა წარმოადგენდა, რომელიც ნახშირის მოპოვების შეჩერებას ეძღვნებოდა.
პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით აქტივისტების დაკავება "მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ" ახალ კანონს უკავშირება, რომელიც კლიმატის კონფერენციამდე მიიღეს. ახალი რეგულაცია აქციების ჩატარების აკრძალვასთან ერთად, ხელისუფლებას კონფერენციის მონაწილეების პირადი მონაცემების მოძიების უფლებას აძლევს.
შეგახსენებთ, ნუგზარ კოხრეიძე ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ის ასევე ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი გახდა იმერეთში.
ფოტო:uk.reuters.com
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















