"მსხვერპლთა მიერ ძალადობის დაფარვა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება"
"ოჯახში ძალადობა და მსხვერპლთა მიერ ძალადობის დაფარვა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება "-ამის შესახებ "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ყოველთვიურ შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი სანტურიანის თქმით, მარტში ოჯახური ძალადობის ორი საქმე განიხილეს, ერთზე დამცავი ორდენი გაიცა, მეორე შემთხვევაში, მსხვერპლმა განცხადება გაიტანა და მოძალადე ქმართან დავა არ გააგრძელა.
"ოჯახში ძალადობის საკითხი კვლავ აქტუალურია, ჩვენ ერთ-ერთი პროცესი მოვიგეთ და მეორეზე თავად მსხვერპლმა თქვა გაგრძელებაზე უარი. ზოგადად, ეს საკითხი მეტ ყურადღებას მოითხოვს", - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
"საიას"ქუთაისის ფილიალს ასევე ქონდა ორი შშმ პირის საქმე, რომლებიც შშმ პირთა სასარგებლოდ გადაწყდა. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმეში მოხვდა ქუთაისელი დავით მალანიას საქმე, რომელიც თბილისში "სითი პარკის მიერ" უკანონოდ დაჯარიმდა. მან "სითი პარკს" აღნიშნული საქმე მოუგო, თუმცა შევა თუ არა ცვლილება მერიის დებულებაში, უცნობია. შეგახსენებთ, რომ დავით მალანიას დედაქალაქში განუცხადეს, ქუთაისელ შშმ პირს არ ქონდა უფლება თბილისში შშმ პირთა ადგილზე პარკირება მოეხდინა.
"საიას" თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა, იმერეთის სკოლებში განხორციელებულ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ კურსი ადრეული ქორწინების პრობლემებზე.
შეხვედრაზე ანგარიში წარადგინა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ". იმერეთის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ აღნიშნა, რომ მათ ანგარიშში მოხვდა კვლევა იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა. მოწონელიძის თქმით, კვლევაში დამატებით მონაცემების შეტანა მხოლოდ ქუთაისის მერიამ მოითხოვა, თუმცა მერიას ეს ინფორმაცია ჯერ არ მიუწოდებია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















