ოკუპაცია დღესაც გრძელდება -საბჭოთა ოკუპაციიდან 98 წელი გავიდა
საბჭოთა ოკუპაციიდან 98 წელი გავიდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველო დაიპყრო.
რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი, თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.
თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. 23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. 1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
მართალია, ქვეყანამ დამოუკიდებლობა 28 წლის წინ გამოაცხადა, მაგრამ ოკუპაცია არ დასრულებულა. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ამ დრომდე ოკუპირებულია, მცოცავი ოკუპაციის შედეგად კი დაკარგული ტერიტორიების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















