ოპოზიციური პარტიები ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
კამპანიის "დაიცავი კონსტიტუცია" ფარგლებში გაერთიანებული არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მოქალაქეებს ხვდებიან.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელია, ნიკა მაჭუტაძე და გიორგი ბარამიძე აცხადებენ, შეხვედრის მთავარი მიზანია, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ცვლილებებს გეგმავს "ქართული ოცნება" რეალურად.
წვიმის მიუხედავად, მოქალაქეებმა განხილვისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინეს. მთავარი საკითხები, რასაც შეხვედრაზე გამომსვლელებმა უარყოფითად შეაფასეს, ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება და საარჩევნო სისტემის ცვლილებებია.
"საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არის გათვალისწინებული, მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებზეა მორგებული, ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა მათ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია, ამასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ვენეციის კომისიასთან, რათა არ მოხდეს იმ ცვლილებების მიღება, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა", -განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან გაგრძელდება, თბილისის და ქუთაისის გარდა შეხვედრები გაიმართება რეგიონებშიც.

ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















