"გია თევდორაძის განცხადება ქალაქის მერისათვის "ისრების აცილების" მცდელობაა"
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია ყოფილი თანაპარტიელის გია თევდორაძის განცხადებას, სადაც ის მძღოლების გაფიცვის პროვოცირებაში მხარის გუბერნიის "უჩინარ ხელს" ხედავს, ქალაქის მერისათვის "ისრების აცილების" მცდელობად მიიჩნევს.
"პირველი ბრიფინგი ამ თემაზე ჩვენ მოვაწყვეთ, სადაც ვთქვით, რომ მძღოლებს პირველი მოლაპარაკება სწორედ მერიასთან ჰქონდათ, სადაც შეთანხმდნენ პირველი მარტიდან საფასურის გაზდასთან დაკავშირებით. ჩვენი ბრიფინგის შემდეგ მერიამ ეს უარყო, მძღოლები მოატყუა და შეთანხმება გააუქმა. ორი კვირა ჰქონდა ქალაქის მერიას, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა. გამოსავალიც შევთვაზეთ და სწორედ მერის უპასუხისმგებლობის, არაპროფესიონალიზმის და გულგრილი დამოკიდებულების შედეგია ის პროცესები, რაც მიმდინარეობს დღესაც. ის, რომ ორი დღე პარალიზებული იყო ქალაქი, მძღოლებმა თვითნებურად გააძვირეს ტარიფი, არის მერის პასუხისმგებლობის საკითხი. გია თევდორაძის განცხადება კი მერისათვის ამ პასუხისმგებლობის აცილების მცდელობად მომეჩვენა",- აცხადებს გიგა შუშანია.
შუშანია ვარაუდს გამოთქვამს, რომ ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ქუთაისის საკრებულოში ყოფილი "ნაციონალების" მონაწილეობით ახალი ფრაქციის შექმნას. საკრებულოს ორ წევრს, რომლებიც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები არიან, ახალი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუჩნდებათ, თუ მათ მესამე წევრის სახით უმრავლესობიდან ერთი დეპუტატი დაემატება. ასეთ შემთხვევაში კი, ეს ფრაქცია მერის პოზიციების გამყარებას მოემსახურება- აცხადებს გიგა შუშანია.
შეგახსენებთ, გია თევდორაძის განცხადებით, მძღოლების აქციის პროცესში აქტიურად იყო ჩართული იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და სხვადასხვა სტრუქტურები, ეს ქმედება მიმართული იყო მერის წინააღმდეგ“ .
იმერეთის გუბერნიასა და ქუთაისის მერიას შორის "ცივი ომის" რეჟიმის არსებობაზე საუბრობს კვლავ გია თევდორაძე. მისი თქმით, ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე, რომელიც არის გუბერნიაში გადაწყვეტილების მიმღები, ასევე ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, დაპირისპირებული არიან პირადად, შოთა მურღულიასა და ქუთაისის თვითმმართველობასთან.
რაც შეეხება გიგა შუშანიას, თევდორაძე მიიჩნევს, რომ მისი განცხადება უფრო ეჭვიანობას გავს და ამ ეტაპზე "ევროპული საქართველო" ქუთაისის საკრებულოში ფრაქციას არ ქმნის.
განცხადებას ეხმიანება ქალაქის მერი. შოთა მურღულია აცხადებს, რომ მას მხარდამჭერები საკმარისი რაოდენობით ყავს და არაფერში ჭირდება საკრებულოში ახალი ფრაქციის დამატება. რაც შეეხება იმერეთის გუბერნიასთან დაპირისპირებას, ამ საკითხთან დაკავშირებით მურღულია აცხადებს, რომ გუბერნატორთან და ვიცე-გუბერნატორებთან საუკეთესო ურთიერთობები აქვს. "შუშანია- თევდორაძეს მეთოდები მოუძველდათ. ეტყობა, მათ დროს ასე იყვნენ დაპირისპირებულები"-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
განცხადების აბსურდულობაზე საუბრობენ იმერეთის გუბერნიაშიც.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















