რა პირობებში ემზადებიან პირველობისთვის მებრძოლი ქუთაისელი მშვილდოსნები (ფოტო)
ქუთაისის მერიის სპორტული ააიპის ფარგლებში არსებული მშვილდოსნობის სკოლის მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონატის პირველობისთვის იბრძვიან. სპორტსმენები თბილისში დღეს გაემგზავრნენ. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ქუთაისის მშვილდოსნობის ნაკრებს არაერთი წარმატება აქვს.
ქალაქის მშვილდოსნობის ნაკრების მთავარი მწრთვნელის, ელდარ არველაძის განცხადებით, მოსწავლეებს მომზადების არანაირი პირობა არ აქვთ. არ არის საჭირო ოდენობის მშვილდები. რაც არის, ისიც სავალალო მდგომარეობაშია, რის გამოც დაინტერესებულ ბავშვებს სკოლაში მიღებაზე უარს ეუბნებიან.
მშვილდოსნობის სკოლა "დინამო" სტადიონის ბაზაზე ფუნქციონირებს. შენობა მერიის სპორტულ აიპს იჯარით აქვს აღებული და იქ სპორტის რამდენიმე სახეობაში ტარდება გაკვეთილები. 1930 წელს აგებულ შენობაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ჭერიდან კი წყალი ჩამოდის, რის გამოც ბავშვები, განსაკუთრებით კი ზამთრის პირობებში, ვერ ვარჯიშობენ.
ელდარ არველაძის თქმით, დიდი დაინტერესებაა რომ სპორტის აღნიშნულ სახეობაში ჩემპიონატი ქუთაისში ჩატარდეს, თუმცა დარბაზის არარსებობის გამო ეს შეუძლებელი ხდება.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















