|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი ვაქციოთ ევროკავშირის ქვეყნებთან დაკავშირების რეგიონულ ცენტრად"

"ქუთაისი ვაქციოთ ევროკავშირის ქვეყნებთან დაკავშირების რეგიონულ ცენტრად" - აცხადებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე. 

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

 

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის კარკასის მშენებლობის, მისი შეფუთვისა და გადახურვის შემდეგ ამჟამად მიმდინარეობს საინჟინრო-სისტემების მონტაჟი. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისი ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად ევროკავშირის ქვეყნებთან დაკავშირების ნაწილში. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, გავზარდოთ რეისებისა და ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების. მგზავრთნაკადის რაოდენობის ოთხჯერ ზრდა საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო დავიტანოთ რუკაზე, როგორც რეგიონის ცენტრი ევროკავშირის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი რეისების შეთავაზებისთვის,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით ორ მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. ამასთან, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისს ექნება თანამედროვე ტიპის ოთხსართულიანი აეროპორტი სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვით, სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა, რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და იქნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომლებიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი მომზადდა IATA ქონსალთინგის მიერ, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა