ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს [VIDEO]
„ფეხით გადაგვიარეს ქუთაისელებს“-ამ შეფასებით ცენტრალურ ბულვარში ქუთაისელმა მხატვრებმა საკანონმდებლო ორგანოს გადატანის თემაზე შექმნილი ნახატები გამოფინეს.
მხატვრების პროტესტს საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლებმაც პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა ცოცხალი ჯაჭვით გააპროტერსტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, იმედი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადმოტანით არსებობდა, დაიმსხვრა.
"დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტარიზმის 100 წლის თავზე ვაპროტესტებთ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას. ეს გადაწყვეტილება ისე მიიღეს, ქუთაისელებს არც გვკითხეს. ჩვენი აზრით, ეს არის დანაშაული და შეცდომა, ამიტომ ვაპროტესტებთ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დააბრუნონ პარლამენტი", -განაცხადა მოძრაობის "დატოვე პარლამენტში ქუთაისში" წევრმა ნუგზარ კოხრეიძემ.
"მადლობა ყველას, ვინც მოვიდა, მადლობა მხატვრებს, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადაიანებს, ვინც აქ არ არიან და გვითანაგრძნობენ. ზუსტად ვიცი, ასეთი ადამიანები მრავლად არიან ჩვენს წინ მდებარე შენობაში. ჩვენი მოთხოვნა არის პარლამენტი დაბრუნდეს ქუთაისში, რადგან აუცილებელია ამ ქალაქის და დასავლეთ საქართველოს განვითარებისთვის", -განაცხადა ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.
ქუთაისში, პარლამენტმა მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო და ექვსი წელი დაჰყო. "ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















