ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 52 500 000 ლარს შეადგენს
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 52 500 000 ლარს შეადგენს, ამის შესახებ ნიუპრესს ქუთაისის მერიაში განუცხადეს.
დადგენილი ვადების შესაბამისად, ქუთაისის მერიამ დღეს საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. როგორც მერიაში აცხადებენ, 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია 2017 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით. შარშან ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულმა ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა.
როგორც ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ლელა ქელბაქიანმა "ნიუპრესს" განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ 17 ნოემბერს არსებული საკრებულო შეიკრიბება, განსახილველ საკითხთა შორის მომავალი წლის ბიუჯეტი არ იქნება.
"არსებული საკრებულო აღნიშნული პროექტის განხილვას ვეღარ შეძლებს. პროექტის განხილვას ახლადარჩეული საკრებულო მოახდენს", -განაცხადა ქელბაქიანმა.
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულო 17 ნოემბერს ბოლო სხდომას ჩაატარებს. ახალი მოწვევის საკრებულო კი პირველ სხდომას ორშაბათს, 20 ნოემბერს გამართავს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















