რატომ განხორციელდა ქუთაისის ბაღების გაერთიანებაში რეორგანიზაცია?
არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" იმერეთის ფილიალი კვლევას აქვეყნებს. კვლევა ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში ჩატარებულ რეორგანიზაციას ეხება. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, რეორგანიზაციამ რიგი ხარვეზები გამოავლინა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის კოორდინატორის ზურაბ ზამბახიძის განცხადებით, რეორგანიზაცია ბადებს ეჭვს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანი სისტემის ფუნდამენტური სრულყოფა არ ყოფილა.
"ქუთაისის ბაგა–ბაღებში ჩატარებული რეორგანიზაციის საბოლოო შედეგებმა გამოავლინა ის, რომ რეორგანიზაციის პირობებში წარმოქმნილი უკლებლივ ყველა ვაკანტური ადგილი რეორგანიზაციის ფარგლებში შეივსო და შტატები რეალურად არ შემცირებულა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილიალების დირექტორის გაუქმებული თანამდებობები ანალოგიურია ახლადშექმნილი ფილიალის გაერთიანების წარმომადგენლის ფუნქციებისა. ამიტომ საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანი სისტემის ფუნდამენტური სრულყოფა არ ყოფილა", –განაცხადა ზამბახიძემ.
მან რეორგანიზაციის იურიდიულ მხარეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკურსსგავლილ თანამშრომლებს, რომლებსაც უვადო ხელშეკრულება ჰქონდათ, კონკურსის შემდეგ ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმდათ, რაც არ არის კანონდარღვევა, თუმცა კარგი შესაძლებლობაა მომავალი ვალდებულების თავიდან ასაცილებლად და დამსაქმებელს ერთი წლის შემდეგ დაქირავებულის გათავისუფლების შესაძლებლობას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აძლევს.
ბაღებში ჩატარებული რეორგანიზაციის მიზეზებზე საუბარი ორგანიზაციაში უჭირთ და აცხადებენ, რომ ისინი ვერ შეაფასებენ რეორგანიზაცია პოლიტიკური მოტივით მოხდა თუ არა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის თანამშრომლები, რომლებმაც მათ დახმარების თხოვნით მიმართეს, სწორედ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობდნენ.
ზურაბ ზამბახიძე მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას მოახდინონ არსებული ხარვეზების გამოსწორება, რომ სხვა უწყებებში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესში მსგავსმა შეცდომებმა არ იჩინოს თავი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















