ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სასათბურე მეურნეობა მოეწყობა
ქუთაისში საკრებულოს დეპუტატი ხარჯების შემცირების ინიციატივით გამოვიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ამირან ძოწენიძის თქმით, რამდენიმე პროქტის დაფინანსების შემცირებით თანხები გამოთავისუფლდება, რაც სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე გადანაწილდება. ოპოზიციონერი დეპუტატის სიაში სპორტული ააიპის დაფინანსება, ასევე ბაგა-ბაღების ვაუჩერიზაცია და ქალაქის ბაღების გამწვანების პროგრამები მოხვდა. ძოწენიძის თქმით, არასწორია ქალაქში ყვავილების დასარგავად ათი ათასობით ლარი იხარჯებოდეს, რომელიც რამდენიმე თვეში განადგურებულია.
ოპოზიციონერი დეპუტატის შენიშვნას არ დაეთანხმა ქუთაისის მერი.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ არაა საჭირო გამწვანება. ყვავილები მხოლოდ რამდენიმე ადგილზე ირგვება, რადგან თავისუფალი ტერიტორიები ბევრი არაა. გასულ წელს მერიის წინ დავრგეთ ყვავილები, რომლებიც ორი წელი ცოცხლობდნენ და ამით გავწიეთ ეკონომია. არა მგონია, სწორი იყოს ყველგან მწვანე გაზონის მოწყობა, ყვავილებიც საჭიროა“, -განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ქალაქმა ყვავილების შესაძენად თანხები დაზოგოს, მოხდება ბოტანიკური ბაღის დატვირთვა.
„მართალია, ბოტანიკურ ბაღი მოვაწყვეთ, მაგრამ ის არ მუშაობს სრული დატვირთვით. ბოტანიკური ბაღი უნდა ახდენდეს სანერგე მეურნეობის განვითარებას და მცენარეების გამრავლებას. იქ უნდა ხდებოდეს მეცნიერული კვლევები. ჩვენ შევუმცირეთ დაფინანსება ბოტანიკურ ბაღს, მაგრამ უნდა დავეხმაროთ სრულად ფუნქციონირებაში. სრულად ვერ შეძლებს ქალაქის მომსახურებას, მაგრამ რამდენიმე ბაღისა და სკვერისათვის მაინც გამოიყვანს ყვავილებს და მოხდება თანხების დაზოგვა“, -განაცხადა მურღულიამ.
შეგახსენებთ, ბოტანიკურ ბაღში ახალი პროექტების დაგეგმის შესახებ თემურ ჩეჩელაშვილმა ბაღის დირექტორად დანიშვნის შემდეგ "ნიუპრესთან" ისაუბრა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















