|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის ციხეში მოშიმშილე მსჯავრდებულებს თვითდაზიანებები არ აღენიშნებათ“

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ქუთაისის ციხეში პატიმრის ლ.გ. შიმშილობას არ ადასტურებს. როგორც სამინიტროდან "ნიუპრესს" აცნობეს, მან 16 სექტემბერს მიიყენა თვითდაზიანება და აღენიშნება მცირე ნაკაწრი.  "მედიით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც N2 პენიტენციურ დაწესებულების მსჯავრდებულ ლ.გ.-სა და  კიდევ ხუთ მსჯავრდებულს შეეხება, გვსურს განვაცხადოთ, რომ ლ.გ. ამჟამად არ შიმშილობს, თუმცა გამოირჩევა აგრესიული ქმედებებით და ხშირად არღვევს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს. მსჯავრდებული მოითხოვს სხვა დაწესებულებაში გადაყვანას, რასაც უსაფრთხოების სამსახური მიზანშეუწონლად მიიჩნევს. სამინისტრო განმარტავს, რომ მსჯავრდებულთა დაწესებულებებში გადაყვანა ვერ იქნება დამოკიდებული მსჯავრდებულთა სურვილზე და გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაცია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით. ლ.გ.-მ 16 სექტემბერს მიიყენა თვითდაზიანება და აღენიშნება მცირე ნაკაწრი. მსჯავრდებული არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, თუმცა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და საჭიროებისამებრ, გაეწევა შესაბამისი დახმარება. რაც შეეხება 5 მოშიმშილე მსჯავრდებულს, მათ თვითდაზიანებები არ აღენიშნებათ.  მათი უმრავლესობა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ითხოვენ საპროცესო გარიგებას და მხოლოდ ერთის, ძ.მ.-ს მოთხოვნაა სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ადმინისტრაციის პრეროგატივაა და გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა ვერავინ, მათ შორის ვერც მსჯავრდებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია და იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა მსჯავრდებული სასჯელს იხდის კანონთან სრულ შესაბამისობაში და  მათი უფლებები დაცულია.

შეგახენებთ, დღეს ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მსჯავრდებულების მშობლებმა და პარტია "თავისუფალი საქართველოს"  იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ  აქცია გამართეს.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა