"ქუთაისის გადარჩენა დღეს სწორედ პარლამენტზე გადის"
პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით დაწყებული აქციების სერიის ფარგლებში 2 მაისს, ქალაქის დღესასწაულზე ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მონაწილეობით მასშტაბური აქცია გაიმართა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ქეთი ბერძენიშვილის განცხადებით, აქციისათვის ქალაქის დღე შეგნებულად შეარჩიეს, რადგან ქუთაისის გადარჩენა და განვითარება დღეს სწორედ პარლამენტის ქუთაისში დარჩენაზე გადის.
აქციას შეუერთდნენ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც ქუთაისში სპეციალურად აქციაზე დასაწრებად ჩამოვიდნენ.
"ქუთაისისათვის პოლიტიკური დედაქალაქის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამით თბილისიც არაფერს კარგავს, რაც უფრო მეტი დასაქმების შანსი იქნება ქუთაისში, რაც უფრო განვითარებული იქნება ქუთაისი და მეტი მიზიდულობის ცენტრი შეიქნება ქუთაისში, ზოგადად, რაც უფრო ძლიერი იქნება საქართველოს ქალაქები, მით უფრო ძლიერი იქნება თბილისიც,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით კი, დროთა განმავლობაში ქუთაისში მხოლოდ პარლამენტის შენობა დარჩება: "ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს პარლამენტის თბილისში გადატანას. კონსტიტუციის ახალი პროექტიდან ამოღებულია ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი. ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ცდილობს რეგლამენტით დაარეგულიროს ეს საკითხი. დროთა განმავლობაში მხოლოდ პარლამენტის შენობა დარჩება ამ ქალაქში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს ქუთაისში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ქუთაისელებს ქალაქის დღესასწაული მიულოცეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















