|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის განვითარების გეგმა ღია შენიშვნებისა და რეკომენდაციებისათვის"

 ქუთაისის განვითარების სტრატეგიული გეგმა ქალაქის  მერის მოადგილე კოტე ქავთარაძემ და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა დღეს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესურას წარუდგინეს.  მომხსენებლებმა  სტრატეგიის ფარგლებში ქალაქისათვის ახალი ფუნქციების შეძენასა და არსებულის გაძლიერებაზე ისაუბრეს.  "ეს არის საშუალოვადიანი სტრატეგია, რომლითაც განსაზვრულია ქალაქის 7 ძირითადი ფუნქცია", - განაცხადა პაატა კლდიაშვილმა. მისი თქმით, გეგმა ჯერ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს და გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები აისახება მასში.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ქალაქის განვითარების გეგმა შედგა, მისასალმებელია, მაგრამ გეგმა გეგმად რომ არ დარჩეს,  ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მას განხორციელება უწერია იმდენად, რამდენდაც ამას ჩვენ მოვინდომებთ“, -განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ღავთაძემ. მისი თქმით,  ეს გეგმა არის დეკლარირება იმისა,  თუ რა გვინდა, ხოლო თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ის,  დამოკიდებულია მოქალაქეების აქტიურობაზე.  „მე როგორც ვიცი, ორი თვეა, ეს გეგმა ონლაინ ხელმისაწვდომია და ღიაა შენიშვნებისა და რეკომენდაციებისათვის.  ამიტომ ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული,  რამდენად კარგი იქნება ის “,  - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

მისი თქმით, როგორც კი დაიწყო გეგმაზე მუშაობა, უნივერსიტეტიც  ჩაერთო მასში. იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც უნივერსიტეტმა დაამუშვა, მათ შორის გამწვანების სტრატეგია,  ასევე გაიარეს  გარკვეული კონსულტაციები ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით. ღავთაძემ კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის თვითმართველობა სწორად და კარგად იყენებს უნივერსიტეტის პოტენციალს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე