"ქუთაისის მერია ინფორმაციას არ ასაჯაროებს, ბიუჯეტიც "პირადი მონაცემების" შემცველი აღმოჩნდა"
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრი აცხადებს, რომ საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება ბრძოლოთ უწევთ.
„ნიუპრესის“ კითხვაზე, 2018 წლის ბიუჯეტის შესრულებისასთან დაკავშირებით, ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ მერიამ ყველა თემა დაბლოკა და მხოლოდ იმ ინფორმაციის გაჟღერება ხდება, რაც მერიას აწყობს.
„ბიუჯეტის შესრულების მხოლოდ ცხრა თვეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან მიუხედავად მოკითხვისა, მერია ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ინფორმაცია მხოლოდ მაშინაა მისაწვდომი, როცა თვითონ უნდათ. რატომღაც ბიუჯეტიც აღმოჩნდა არასაჯარო ინფორმაციებში და პირადი მონაცემების შემცველი. ვერ ვიღებთ საჭირო ინფორმაციას ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხებზეც. საერთოდ აღარ გვაქვს მონიტორინგის უფლება, საკრებულოს წართმეული აქვს ყველა ფუნქცია, ეს მხოლოდ ოპოზიციას არ ეხება და პოზიციაც ამ მდგომარეობაშია. დღეს ორი კომისიის სხდომა იყო და შუადღეს მომწერეს. მხოლოდ ფორმალობისთვის აკეთებენ რაღაცეებს, ესეც ვინმესთვის, რომ არ ქონდეთ „საპატაკო“, არაფერს მოიმოქმედებენ. ხელჩართული ბრძოლა გვაქვს საფინანსო სამსახურთან 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციის მიღებისათვის. ამ მხრივ რა მდგომარეობაა, ინფორმაცია არ გვაქვს. ეგ კი არა, იმაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, მერი ვინ უნდა იყოს და რამდენი ხნით. არ იციან, ბიუჯეტს ვინ შემოიტანს და ვინ იქნება პასუხისმგებელი განხორციელებაზე, რადგან კიდევ რაღაც ცვლილებებს გეგმავენ“, -განაცხადა ბესო ბრეგაძემ.
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილების განხორციელება იგეგმება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკითხის შემოტანა ხვალ საკრებულოს ხდომაზე მოხდება. საკრებულოში განგვიცხადეს, ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციას ბიუროს სხდომის შემდეგ მოგვაწვდიან.
ცხრა თვის მონაცემებით, ოპოზიცია განმარტავდა, რომ ბიუჯეტის შესრულების მხრივ პრობლემები შეიქმნება, რასაც მმართველი გუნდი გუნდი არ იზიარებდა.
2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს მომავალი წლის თებერვალში წარედგინება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















